ლალის მამალი


პატარა ლალი დევიძეს

ლალის მამალს ვინ არ იცნობს -
დადის, როგორც ბედაური,
ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს,
არის მათი მეთაური.

ამაყი და ყოყოჩაა,
არ იკარებს არვის ახლოს
და ვერავინ ვერც გაბედავს
უბატონოდ ხელი ახლოს.

მუდამ ჩხუბობს, არ ისვენებს,
მამაცი და მხიარული,
უყვარს კარგი საკენკისთვის
ეზო-ეზო სიარული.

მხოლოდ ერთი მწუხარება
გულს უღონებს ლალის მამალს,
ყველა თავის ტოლ-ამხანაგს
ეუბნება იგი ამას:

რომ ყიყლიყო აღარ ისმის,
დაურჩრდილავს ქარხნის მილებს,
რომ მის ნაცვლად გათენებას
ხალხს საყვირი ატყობინებს.

და წუხს ლალი. რა ქნას ლალიმ,
სურს მამალი ანუგეშოს,
ნაირ-ნაირ საკენკს უყრის
უნდა, ხმა რომ გაუკეთოს.

და მამალიც, ოქროსფერი,
წაიგრძელებს კისერს კვნესით.
ყივის, მაგრამ ეს ყივილი
დღეს არავის აღარ ესმის...

ხალხს შრომისკენ მოუწოდებს
საყვირების მწყობრი ბანი,
ლალის მამალს მაინც არ სურს
გაიტეხოს იხტიბარი.

ასე ამბობს: მე ყიყლიყოს
ვერავინ ვერ დამავიწყებს,
ყოველ დილით - სხვებს თუ არა -
ლალის მაინც გავაღვიძებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი