ППС 500, п/я 111. Н. Д. Агиашвили -წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


გამარჯობა, ნიკოლოზ ძვირფასო! გუშინ მომიტანა გოგუცამ შენი წერილი და ძალიან გამიხარდა. სამი თვეა 

სრულებით აღარ ვიცოდი შენი ამბავი. ანიკომ მომწერა აბასთუმანში, ფრონტზე არისო, სხვა არაფერი არ 

ვიცოდი. ვწუხდი, რასაკვირველია…

კარგია, რომ ღონივრად და მაგრად ყოფილხარ, ისიც კარგია, რომ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ უფრთხილდი, 

არაფერი მოგეწიოს, აგიაშვილო! აბა, მითხარი, რა ჩვენი საქმეა ომი! ისიც ასეთი სასტიკი ომი. ჩვენ სენაკებში 

უნდა ვისხდეთ და წიგნებში ვიქექებოდეთ შანდლიანი სანთლების სინათლეზე, ან სადმე მწვანე ეზოში 

“ბჟოკაკალეს” ძირში ვიწვეთ პირდაბჩენილი და უნდა ვუცდიდეთ, როდის ჩაგვივარდება მწიფე “ბჟოკაკალე” 

პირში. ან კიდევ ბუნებაში, სიწყნარესა და სინედლეში ვოცნებობდეთ და ვოცნებობდეთ…

ჰოდა, ომი არაა, ძამია, მე და შენი საქმე. მე და შენ ვიკინგებად არ გამოვდგებოდით, მით უმეტეს, კოჭებამდე 

წყალში ცურვაც ძლივს რომ იცი. თუმცა ისიც წამიკითხავს, ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მეკობრეს, 

რომელიც თურმე თავზარსა სცემდა მთელ ხმელთაშუა ზღვას, ცურვა არ სცოდნია და ცოფიანივით ეშინოდა 

წყალში ჩასვლის…

მე – დაწყევლილი ლადო ასათიანი – ერთი კვირაა, რაც გეახელით თბილისს. თითქმის ხუთი თვე გავატარე 

აბასთუმანში აბსოლუტურად მარტომ – სულ წიგნებთან, არავითარი გაუმჯობესება არ მიმიღია 

ჯანმრთელობის მხრივ. ჩემი ფილტვების მიხედვით მე მალე უნდა მივიცვალო, ძვირფასო, და, აბა შენ იცი, 

ცრემლებს თუ დაღვრი. როცა ჩამოხვალ, შენ ნახავ ჰეგზამეტრებით წარწერილ ეპიტაფიას ჩემი სამარის ქვაზე.

ახლა, რაც შეეხება ჩემს პოეტურ მოღვაწეობას, ვიცი – გაინტერესებს. ბევრი არაფერი დამიწერია, არც ისეთი 

რამ მაქვს ამჯერად, შენ რომ მწერ, რაც თქვენი გაზეთისათვის გამოდგება, და ამიტომ ნუ დამემდურები.

 დავწერე რამდენიმე ლექსი: “გულბაათ ჭავჭავაძე”, “ქართველი ოქროსმაძიებლების სიმღერა”, “ირმების 

შეთქმულება”, “სუმბული”, და ერთიც 300-სტრიქონიანი ისტორიული პოემა თუ ბალადა “ბასიანის ბრძოლა”, 

თამარ მეფის დროიდან… ეს ნაწარმოები გასულ კვირას თავიდან ბოლომდე მიკროფონთან წავიკითხე და 

ვახსენე საქართველოს. “მნათობში” იბეჭდება. სხვებიცა მაქვს, კაი-კაი “ასათიანური”.

თუ ავადმყოფობამ არ შემიშალა ხელი და არც სხვა რამე უხიაგობა არ გამომიტყვრა საიდანმე, მინდა ცალკე 

წიგნად გამოვცე “ასპინძა”, ეს ბალადა და სხვა ასეთი ლექსები. დამპირდნენ გამოცემას. წიგნს “წინაპრები”

 უნდა დავარქვა… “წინაპრების” გეგმა უკვე მოფიქრებული მაქვს. წიგნი არ იქნება დიდი, ზომით ძალზე 

პატარა – შიგ მოთავსდება სულ 16 ლექსი: “სალაღობო”, “ცხრა ძმა ხერხეულიძე”, “ქართველი 

ოქროსმაძიებლების სიმღერა”, “ასპინძა”, “გულბაათ ჭავჭავაძე”, “კრწანისის ყაყაჩოები”, “ციხის სიზმარი”, 

“ქართული ენა”, “ბასიანის ბრძოლა”, “მანანა ორბელიანის სურათზე”, “ბაბუაჩემი”, “ბარდნალა”, “საქართველო 

იყო მათი საოცნებო სახელი”, “პირველი მჭედლები” “სარწყული”, “ივანე ჯავახიშვილისადმი”…

თუ ცოცხალი დავრჩი და შენც ცოცხალს მომისწარი, როცა ჩამოხვალ, კაი ლამაზ წიგნს დაგახვედრებ… მგონი, 

არ იქნება ცუდი. ვინძლო მისმა გამოსვლამ ეს უღიმღამო სიცოცხლე ოდნავ გამიხანგრძლივოს. ესაა ჩემი 

იმედი…

ეჰეი, აგიაშვილო, ასეა ეს! რამდენი კილომეტრითა ვართ ერთმანეთს დაშორებული? მომენატრე! ახლა, 

ალბათ, სადღაც ზღვისპირეთის მთებში იქნები შებუდებული და გერმანელ სნაიპერებს ემალები. ღმერთმანი 

მომენატრე. უთუოდ – შენც გენატრება ლადო ასათიანი და აქაურობაც… ჩამოდი, ჩამოდი, მაგ ძაღლთაპირ 

ფაშისტებს უშენოდაც მოუვლიან!..

წერილი შევწყვიტე (მწერალთა კავშირში ვწერ) სიმონ ჩიქოვანის მოსვლის გამო, რომელმაც, მოვიდა თუ არა, 

თუმანი მთხოვა. მივეცი თუმანი – შემთხვევით მქონდა, და მერე ჩემი ზემოხსენებული “ბასიანის ბრძოლა” 

წავუკითხე. გენიალურიაო, მითხრა, სიმონმა მიიღო შენი წერილი. გაავრცელა შენი ორი ხუმრობა: რადიანზე

 და ერთიც კიდევ.

წერილი კიდევ შევწყვიტე. ბესო ჟღენტი მოვიდა და მკითხა, რას თხზავო. მე ვუთხარი, წერილს ვწერ ნიკას-

მეთქი. სად არის ნიკაო, ფრონტზე-მეთქი, მოკითხვაო და სხვა.

ახლა სიმონ ჩიქოვანი მოვიდა ისევ. თუ კაცი ხარ, გულწრფელი მოკითხვა მისწერეო, წერილის ხასიათზე არა 

ვარ და ჯერ ვერ ვწერო. მეც გწერ გულწრფელ მოკითხვას.

ახლა კიდევ მოდის აგერ ვიღაც, მაგრამ ასე ვეღარ გავაგრძელებ, რადგან, შეიძლება, პიესის წერას მივეჩვიო, 

და ხომ იცი…

ანიკოსა და ჩემს ქალიშვილს გადავეცი შენი მოკითხვა.

მოგიკითხეს იმათაც დიდი სიყვარულით. აქ რომ ჩამოვედი, ახალი ფუნაგორიები დამახვედრეს – აი ერთ-

ერთი მათგანი:

გაჩენილი კატის კნუტად

კანტს კითხულობს კანტი-კუნტად…

ჯერ “არ ვიცი”, ვის ეხება.

სხვა რაღა მოგწერო, ნიკოლოზ ჩემო, გოგუცაც მოვიდა აგერ და უნდა მივცე წერილი. თუ კაცი ხარ, თავი 

დაანებე მანდ ფხაკურს და წამოდი აქეთ – მოტოციკლეტით. ასე და ასე:

ნიკაია მოხალისევ,

მალე თბილისს მოხვალ ისევ!..

იყავი მაგრად და მაგრად. მოგიკითხა ყველამ.

გწერს შენი ლადო ასათიანი

24. 9. 1942.
თბილისი

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი