ПП 500, часть 824. Н. Д. Агиашвили - ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


ნიკოლოზ დიმიტრის ძევ!

რამდენიმე ხნის წინათ შენგან გამოგზავნილი წერილი გადმომცეს. გამიხარდა, რომ კარგად ყოფილხარ და 

მაგრად. იცავ შავი ზღვისა და კავკასიონის მისადგომებს. მაგ მიდამოებში ჩვენი საყვარელი ლერმონტოვიც

 იბრძოდა თენგინის პოლკში. ალბათ, იმ სოფელ თენგინკას, წერილში რომ ახსენებ, ლერმონტოვის პოლკიდან

 დაერქვა სახელი.

ჩემს ამბავს კითხულობ… ძალზე გიმადლი, მანდედანაც რომ არ მივიწყებ, ოღონდ რა მოგწერო, რა გითხრა, 

მეც აღარ ვიცი, როგორ ვარ და როგორ წავა ჩემი საქმე. ამის გამო დუმილს ვამჯობინებ…

ახლა თბილისი დაცარიელებულია, მაგრამ კიდევ დარჩნენ ეფროსინეები… ო, როგორ მძულს და მეზიზღება 

ზოგი ხეპრე და ბოთლის თაყვანისმცემელი, კარგად ნასადილევი ადამიანის სახე რომ აქვს. საზარელია მისი 

ტანისამოსი, აღნაგობა, ყველაფრით რომ კმაყოფილია, თითქოს რომ არაფერი არ აკლია, ყველაფერი რომ 

თავის ადგილზე აქვს, მაგრამ არ გააჩნია შნო, ლაზათი და მშვენიერება, თვალებში უაზრობა ჩასდგომია… 

ასეთი ადამიანის გული ბნელია, როგორც ძუნწი კაცის საფლავი!..

ჰე, უნიკალურო ნიკალაი! ბევრი, ძლიერ ბევრი მინდა გავაკეთო. მაგრამ… “როდისღა, ჩემო მოჭირნახულევ?”

ამ ამბებს ერთი კაცის ხანგრძლივი სიცოცხლეც კი არ ეყოფა, მე კი… “დამქროლა ქარმან სასტიკმან”. მაგრამ, 

რასაც მოვასწრებ, ვეცდები… ისე კი ძალიან უნუგეშოა ჩემი ყოფნა. ხანდახან, როგორც იტყვიან, მარტო 

საკუთარი ლანდი თუ ჩრდილი დამრჩა მეგობრად და ისიც მზიან დღეში. ავდარში სულ მარტო ვარ და სული 

ამომძვრა, პარაშუტზე ჩამოკიდებულ ადამიანს ვგავარ, ცისა და მიწის შუა გახირულს.

დღეს “ბახტრიონის” წაკითხვა მომენატრა: შესავალი სტრიქონები, კვირიას სიზმარი, ლელას გამოჩენა, 

ლუხუმი და გველი… ესაა თითქოს ყველაფერი და კიდევ, შინ რომ შევაბიჯებ, ჩემი ჩიტუნია-მზეწვია, ჩემი”

 პაწაწინა მანანა…

მშვიდობით საყვარელო და ტკბილად მოსაგონარო.

შენი ძმა ლადო ასათიანი

16. 12. 1942.
თბილისი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი