Полевая почта 42716 – А -ლადო ასათიანისგან წერილი (პირადი წერილები)


ნიკალაი, ძვირფასო! რომ იცოდე, როგორი გაზაფხულია თბილისში, ყველაფერი ჰყვავის, ყველაფერი

 ხალისობს. რა იქნება ჩემს ბარდნალაში! ჩვენს ღელეებში ახლა ამოდის ფშალა, გაფურჩქვნილა ძეწნა და

 ტირიფი, ქალები კრეფენ ადრეულ ეკალას, იფრქვევა ახლად მოხნული მიწის სუნი, მალე დაიჩეკებიან

 პირველი ბარტყები, ჩეროში სკუპ-სკუპით დახტიან თეთრ-თეთრი თიკნები…

სულ მენატრება და მელანდება ასეთი სურათი:

თენდება, ყველაზე უწინ ჩიტების ჭიკჭიკი და ჟღურტული ჩამესმის ყურში, – თვალებს ვჭყეტ, ზეზე 

წამოვვარდები, ფეხშიშველი, თავქუდმოგლეჯილი გავვარდები კარში! მზე ახლად ამოდის, გუმარეშის 

ჭალებში ჩრდილები წაგრძელებულან, გავრბივარ მდელოზე, ცვრიანი ბალახი შემიხიჩინებს ფეხის გულში და 

მთლად გავილუმპები… ერთი ასეთი სოფლის დილა ღირს მთელ სიცოცხლედ. ესაა მიწის სინედლე და 

სურნელება, – ვაჟასა და ფიროსმანს რომ უყვარდათ! “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა 

მამული?!”

მე კი… ძლივსღა დავღოღავ… ბოტანიკურ ბაღშიც ვეღარ გავდივარ, – რაღა გამანედლებს?!..

უკვე აყვავდა გლიცინიები მწერალთა სახლის ვერანდაზე. ვზივართ ბაღში და ვუსმენთ ცოცხალ კლასიკოსთა

 დინჯ ბაასსა და მოგონებებს. ხანდახან აივნიდან კონსტანტინე გამსახურდია გადმოგვხედავს და 

გადმოგვძახებს: “ვეფხვებო”! “ჭაბუკებო!” და კაი გამარჯობას გვეტყვის, როგორც შეშვენის კაცურ კაცს. მაგრამ 

ვინღაა “ჭაბუკი” და “ვეფხვი”?

ჰემინგუეის “კილიმანჯაროს თოვლიანი მთები” ხომ გახსოვს? ისევ მოვკიდე ხელი და, თუ შევძელი, უნდა 

ვთარგმნო. დედანში უნდა კითხულობდე ასეთ ნაწარმოებებს და იქიდან უნდა თარგმნიდე. ჯერ თარგმანი 

რაა, და თარგმანის თარგმანი რაღა იქნება, – მდიდარი კაცის ნაჩუქარი გამონაცვალი ტანისამოსი რომ აჩუქო 

შენზე ღარიბ ნათესავს, იმას ემგვანება.

ნელ-ნელა ვთარგმნი ბლოკის „Возмездие“-ს… ჩვენი გალაკტიონისა არ იყოს, ბლოკი მართლა ღმერთია…

ბონდო სვანეთშია და იქ მასწავლებლობს, მირზა ისევ ბრძოლებშია და მისი ლექსები დროდადრო გაიელვებენ 

გაზეთებში. ნატიფი და მოხდენილი, პირმწყაზარი საჯაია, ჩვენი კოკი – ალიოშა, მოკითხვას გითვლის…

ძალზე მოსაწყენ რამერუმეს “გწერავ”, მარა ნუ მიწყენ. მეტი საინტერესო აქ არაფერია. საინტერესო და 

საყურადღებო ახლა მაქაური ამბებია. ნეტავი შენ, რომ ბევრ რამეს საკუთარი თვალით ნახავ და მერე 

მოსაგონარი გასახსენებელი აღარ დაგელევა.

საერთოდ, ვეღარ ვძლებ შინ მყოფი, ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის 

მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო?! ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქოს 

ყოველ ღამითა და დღისითაც, როცა ოდნავ წავთვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება.

ახლა ჩემთვის უძილობის გამო საუკუნის ღამე ჩამოდის და თვალს დავხუჭავ თუ არა, საშინელი სიზმრები არ 

მასვენებენ… სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე – უცვლელად: ვითომც, ვწევარ ერთს შავ რკინის 

კუბოში, გარშემო უამრავი კელაპტარი უნთია, მათ ლიფლიფზე შავ კატებს მხრებზე შეუდგამთ ის კუბო და 

ამაზრზენი კნავილ-ჩხავილით, კუდების სხმარტალითა და შესაზარი თვალთა ბრიალით, “კუბო”, “კუბო-ს” 

ერთობლივი შემაძრწუნებელი ძახილითა და გნიასით მიმაქროლებენ სადღაც… შემდეგ ის კატები ქრებიან, 

კუბო ჟღრიალით ენარცხება მიწას და ის კატებიც დახოცილნი მაცვივიან თავზე. კუბო ივსება მათი 

გახრწნილი, რბილ-რბილი, ამყრალებული ლეშით, გავურბი მძორის საშინელ მყრალ სუნს, მაგრამ მუხლები 

მეკვეთება, ძირს ვეცემი და ვიღვიძებ ოფლში გალუმპული. ჯერ არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი.

შენ იცი, როგორ მიყვარდა ცხოველები და მათ შორის კატები!..

გახსოვს, ჩემი საყვარელი ბერანჟეს ლექსთა ძველ კრებულში იყო მშვენიერი სურათი -ერთი სიმღერის 

ილუსტრაცია: ბავშვებს რომ ეწვევა მეზობლის შავი კატა!.. პატარა ბავშვივით მახარებდა იმ სტრიქონების 

წაკითხვა და სურათის დათვალიერება. ახლა ამ საშინელმა სიზმრებმა ყველაფერი შემაძაგეს და შემაზიზღეს…

მენატრება ამხანაგები, სტუდენტობის მეგობრები: რაჟდენ შკუბულიანი, მიშა ალავიძე, შოთა ქურიძე, სხვები 

და სხვები… მენატრებით ყველანი, მაგრამ ბევრი თქვენგანი აღარა ხართ ჩემს ახლოს, ზოგი ომის გზებზე

 ხართ დამდგარი და სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოგფანტათ ცხოვრების მდინარებამ ამ მძიმე წლებში!..

იყავნ მშვიდობით, ჯვარიმც გეწეროს…

ვერ გეტყვი, ნახვამდის-მეთქი, გნახავღა კი?

შენი ძმა ლადო ასათიანი

20. 3. 1943.
თბილისი

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი