კოტე ხიმშიაშვილს წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)
ძმაო კოტე! ჯერ მოგილოცავთ ბედნიერებას და გისურვებთ ორთავეს, ცოლსა და ქმარს, ერთ ბალიშზე დაბერებას. ჰაი გიდი, რომ მართლაც კარგი ქორწილი გამოვტოვე, მაგრამ ჟაკი1 რომ არ გყოლია, ეს კი ვერ მოგსვლია კარგი! კოტეჯან, ჟაკი ქორწილის რუპორი იქნებოდა, შინ და გარეთ. შენი პირველი წერილი რომ მივიღე, ძალიან გამეხარდა. ჩვენ უთუოდ ბევრი საერთო გვაქვს როგორც ცხოვრებაში, ისე ლიტერატურაში. ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისაგან. შენი არ ვიცი და მე ამაზე გულიც მომდიოდა, ხომ იცი, ჩვენს პატარა წრეში ბევრი არაა ისეთი, რომ “რამეზე” ფიქრობდეს, “რამე” აწუხებდეს… უფრო სწორად, მე მიყვარს პატიოსანი მწერლები, მე მგონია, გამიგებ, რა პატიოსნებაზეც ვლაპარაკობ… ეს ის პატიოსნებაა, გრიბოედოვს “ვაი ჭკუისაგან” რომ დააწერინა და სხვებს კიდევ მრავალი… ეს წმინდა ლიტერატურული პატიოსნებაა, რომლისგანაც ძალიან შორსაა დღეს ბევრი ქართველი მწერალი… მომწონს მე შენი “ჯონქა” სწორედ ამ პატიოსნებისათვის… მწერ, როგორა ხარ ქეიფზე, წერ თუ არაო? ვერა ვარ, კოტეჯან, მთლად კარგად, მაგრამ წერით ხანდახან გავკრავ ხოლმე…ისე კი, მოგეხსენება, აგარაკი საკმაოდ აჩერჩეტებს კაცს, სულ სხვაა, შენს ეზოში, საკუთარ კაკლისხისქვეშ რომ წევხარ, მაგრამ სადაა ახლა საკუთარი ეზო?! ეზო არ ვიცი და რეზო, როგორც შენ მატყობინებ, მაშაშვილთან ერთად წასულა სვანეთში… მივიღე “თაობა” მე-5-ე, სავსე კორექტურული შეცდომებით, დამიმახინჯეს ყველაფერი: “ქნარის” მაგიერ “ქარი” სწერია და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ “წვიმაში” რომ მაინც გადავრჩი, ღმერთს მადლობა! ასე, კოტეჯან, ნუ დავივიწყებთ ერთმანეთს თბილისამდე… სექტემბერში, ალბათ, თბილისში ვიქნები… მაგრად გართმევ ხელს შენი ლადო ასათიანი 25. 7. 1940. აბასთუმანი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი