დედას-ლიდა ცქიტიშვილს (პირადი წერილები)


ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში

ძვირფასო დედა! მე კარგადა ვარ, შენ ყოფილხარ ავად – სამწუხაროა. შემომითვალე, რით შემიძლია დახმარება… ისე, ისეთი ამბები მე არ მაწუხებს და არც ვიტკივებ თავს მასზე ფიქრით, – არაა საჭირო ამაზე წერა.
ფული შემომაკლდა, მაგრამ არა უშავს – ვიშოვი. საბანი არ შემიკერავს.
სხვა რა მოგწერო, გიგზავნი ლექსს, რომელმაც აალაპარაკა ხალხი ქუთაისში. ახლა “მნათობშიც” დაიბეჭდება. რასაც მწერ, გავაკეთებ.
მოკითხვა გოგის, მედიკოს!

ვალოდია
17. 9. 1936.
ქუთაისი.

***
ძვირფასო დედა! სალამი და კარგად ყოფნა!… მე კარგად ვარ. ამ კვირას ბათუმში მივდივარ ლიტერატურული საღამოსათვის, ტრიუმფალურად მიდის ქუთაისისა და კერძოდ ჩემი ლიტერატურული ცხოვრება, გიგზავნი გაზეთებს. გვერდში რომ ლექსია, მანდ დავწერე, ის კი, ცალკე რომაა, ახალია. მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატად დამამტკიცეს. შემოქმედებითი მუშაობისათვის (მივლინებისათვის) 300 მანეთი გამომიწერეს, ავიღებ დაახლოებით 20 დღეში.
სხვა რა მოგწერო. როგორც იცი, პასპორტი დამეკარგა. ასე: ქუთაისი, ჯაფარიძის ქუჩა № 64, შალვა ასათიანს – ვალოდიასათვის. მოკითხვა მედიკოს და გოგის.

შენი ლადო ასათიანი
(წერილი უთარიღოა)

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი