ძმას-გიორგი ასათიანს (პირადი წერილები)


ქუთაისში

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს.
ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე – ქუთაისის მიწაზე!
რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელეებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.
ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს, მაგრამ არ ვარგა: ვინც ბევრს კითხულობს, ის არასოდეს ლაპარაკობს, ბევრს ვკითხულობო.
ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს…
თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო. ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.
მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა¹ და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერ, ანდა რად უნდათ მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი.
ასე, მომიკითხე ბიძია, ბიცოლა, ნარგიზა², შოთა ქურიძე და სხვანი და სხვანი.

შენი ძმა ლადო ასათიანი
19. 6. 1939.
თბილისი.

¹ მიშა – შოთა – მიხეილ ალავიძე და შოთა ქურიძე, ლადოს მეგობრები.
² ნარგიზა – ლადოს ბიძაშვილი, ნარგიზა ასათიანი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი