ვაჩნაძე ანიკოს წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს… “მნათობისათვის”. უნდა 

დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუნდაც 

ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე. აგვისტოს ნომერში რომ 

დაბეჭდონ, კარგი იქნება. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები რომ 

სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ 

გადააბეჭდინებენ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს,

 მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს. კიდევ 

გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდება, არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე. სხვას არავის მისცე, სიმონი სჯობია, ან 

კარლო.

საგზურისას რას შვრები, უკვე მითავდება ვადა. როგორც გწერდი, ერთი თვის იშოვნე კიდევ, მეტი არ მინდა,

 მალე, თორემ აქ ახლა ერთი ამბავია. წერილები და ცნობა თუ მიიღე? საგზური თუ მოხერხდეს, თორემ გზის 

ფული გამომიგზავნე და ან ქუთაისში წავალ და ან მანდ ჩამოვალ.

ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით 

გაბარებ, იცოდე! წიგნის საქმე როგორაა?

აჩვენე ლექსები, ხალხი რომ არ იქნეს, მაშინ, როგორც გწერდი სიმონს ან კარლოს; თუ მოხერხდა ასე 

დაბეჭდვა, დაუტოვე, თუ არა და ისე ჩუმად წაიღე შინ და შეინახე. რომელ ნომერშიც დაიბეჭდება, სულ 

ერთია, მხოლოდ ასე და ამგვარი რაოდენობით უნდა დაიბეჭდოს.

ასე და ასე! წერილები მოიწერე.

გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი.
(წერილი უთარიღოა)

***

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი