ანიკო ვაჩნაძეს წერილი მეუღლისგან (პირადი წერილები)


ჩემო ანიკო! გამოგიგზავნე ქეთო დადიანის ხელით “მანი კრუპა” და წერილი, ალბათ, მიიღებდი. ამ წერილს

 ისე ვწერ საჩქაროდ, ბორჯომში ჩააგდებს კაცი. მე არა მიშავს, ვარ ისე, ნელთბილადო, რომ იტყვიან… ეს 

ხველება ვერ მოვიშორე.

ანიკო, ასე, ამ თვის დამლევისათვის, თუ მოახერხო, ცოტა ფული გამომიგზავნე გზის ფულად და გზაში რომ 

მეყოს; შეიძლება, სულ მალე დამჭირდეს წამოსვლა. ხომ იცი, ეს რას ნიშნავს?! შეიძლება, სხვანაირად 

დატრიალდეს საქმე. ისე კი არ მინდა ფული. იქნებ, წამოსვლაც იქნეს საჭირო, სულ მალე, ეს იცოდე.

მე კი არ მინდა, ძალიან კარგად ვარ ამ სიცხეში აქ და ამიტომ ვითხოვ განგებას, ცოტა ხანს, სანამ ეს სიცხეები

 გათავდებოდეს, ნუ გამომაგდებს აქედან, თანაც გაძლიერებულ კვებაზე ვარ გადაყვანილი. ანიკო, შენ 

გენაცვალე, იქნებ ახლა სასაცილოც იყოს წიგნების გაგზავნ-გამოგზავნა, მაგრამ ერთი წიგნი მჭირდება, ძალიან

 მჭირდება, ერთ რაღაცას ვწერ და ის თუ არ მექნა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს წიგნი არის ჩემი მაგიდის 

უჯრაში, რომელში – არ ვიცი, ერთ-ერთში იქნება, პირველად ზევითა უჯრაში ნახე – მარცხნივ რომ ზევითა 

უჯრაა. წიგნს სათაური არა აქვს, კანი შემოხეული აქვს, პატარა, თხელი, თეთრი წიგნია, თავზე აწერია, მგონი,

 “ქართველები უძველეს დროში”, თუ “ქართველების უძველესი ადგილმდებარეობა”. აი, ეს წიგნი 

გამომიგზავნე ვინმეს ხელით, თუ ქალი ხარ. თუ დავრჩი აქ, ძალიან მჭირდება. გიგზავნი წიგნის ზომას 

(ქაღალდს), რომ უფრო კარგად მიაგნო. მანდ მედო სულ მაგიდაზე პატარა, თხელი, თეთრი წიგნი. ასე, აბა, 

შენ იცი, თუ გამიკეთებ ამას.

მანანა როგორ არის? ავად იყოო, იწერებოდი…

კარგად დაუკვირდი, სხვა არ გამომიგზვნო. თუ ზევით უჯრაში არაა, მერე მარჯვენა ქვეითაში ნახე. იყავი 

კარგად. წერილი მომწერე, აკოცე მანანას.

გკოცნის შენი ლადო ასათიანი

18. 7. 1942
აბასთუმანი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი