ნიკა აგიაშვილს წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)
ვანის რაიონი, სოფელი დიხაშხო. ვივა აგიევ! როგორ მყოფობთ? ალბათ, კარგად… ჩვენც არა გვიშავს… ისევ სტანდარტული ამბები, სიცხე და სხვ… მივიღეთ შენი წერილი ორმა ადამიანმა. ჩვენ ერთმანეთს ვემდუროდით და შენი წერილი გახდა მიზეზი ჩვენი შერიგების. ნიკოლაუს, აგიუს ფლაკუს! აქეთ მაინცდამაინც ახალი არაფერია. ვცხოვრობთ ვირივით წყნარად. ძალიან ვწუხვარ, შენს პლევრიტით დაავადებას, თუ ეს მართალია, მაგრამ, ალბათ, ხუმრობ. ალბათ, ხარბად სუნთქავ დიხაშხოში უფასო ჰაერს, არა? რა გიჭირს, ბიძიკო, ჩვენ აქ ყველაფერში ფულს ვიხდით. ნიკოლაუს! დღეები მძიმედ ხომ არ მიდიან მაქაც? ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი მოწყენილობაა. შენი ძმა, ლადიმიე, მუდმივ სულიერ აფორიაქებას განიცდის. ნიკა, თუ რამდენიმე ხანს კიდევ დაჰყო დიხაშხოში, წერილი მოიწერე. როცა დაბრუნდე, შენს ძმას შენი მაქაური “ბიბლიოთეკიდან” წამოუღე მისთვის საინტერესო რაიმე წიგნი. მახსოვს, ძველ წიგნებზე მელაპარაკებოდი და მითხარი, სოფელში მაქვსო, ვგონებ, შენი წინაპრის ხელით გადაწერილი ლოცვანის დიდი წიგნი… აბა, შენ იცი, არ დაგავიწყდეს. მოკითხვა ყველასაგან. შენი უმცროსი ძმა და მეგობარი ლადო ასათიანი. 13. 8. 1937. ქუთაისი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი