ქუთაისი, სასტუმრო “გრანდ-ოტელი” (პირადი წერილები)
აქვე, ქუთაისი, სასტუმრო “გრანდ-ოტელი” ძვირფასო ნიკოლოზ! ჩვენ ერთნაირად გვიყვარს ძაღლები. ეს იმ ბებერი ძაღლის მოსაგონარი იყოს, რომელიც 1937-38 წლებში ხშირად გვხვდებოდა სასტუმრო “გრანდ-ოტელის” წინ, სადაც შენ ცხოვრობდი. ეს იმ ბებერი ძაღლის მოსაგონარი იყოს, ნიკოლოზ ჩემო რომელიც ასე ბებერი და დაუძლურებული მუდამ ახელებდა ჩვენს შთაგონებას თავისი მრავლისმეტყველი თვალებით… ძაღლები და ცხენები თავიდანვე მიყვარდა, ჩეხოვმა და ჯეკ ლონდონმა კიდევ უფრო შემაყვარა ძაღლი. ლევ ტოლსტოის “Холстомер”-ი მაგიჟებს… იცი, რა უთხრა ტურგენევმა ავტორს, როცა ეს გასაოცარი მოთხრობა წაიკითხა? – უკაცრავად, ლევ ნიკოლაევიჩ, ოდესმე თქვენ ცხენი ხომ არ ყოფილხართო? როგორ მინდა ჩემნაირი სიხარულით წაიკითხოს ყველამ ჩემი საყვარელი წიგნები, ნახოს ის კარგი ფილმები, მე რომ მინახავს, – როგორ დავტკბები ამ დროს სხვისი სიამოვნებით, მასთან ერთად ხელმეორედ დამივლის ჟრუანტელი, ჩემებურად ამიტყდება თავზარდამცემი ჟრჟოლა და დამღუპველი ცახცახი… შენი ლადო ასათიანი 6. 1. 1938. ქუთაისი
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი