ნიკალაის ლადო ასათიანისგან წერილი (პირადი წერილები)
ამ წერილთან ერთად გიგზავნი ერთ ფოტოსურათს. ეს ლადო ასათიანია, წითელი არმიის რიგითი ჯარისკაცი, რუხმაზარიანი ქართველი ჭაბუკი, თავზე ბუდიონური ქუდი ახურავს, საფეთქელთან ხელთათმანიანი ხელი მიუდევს, გამოჯგიმულა და გესალმება: “სალამი და გამარჯობა, ნიკალაი, ძმაო! ეს მე ვარ, შენი უმცროსი ძმა, ლადიმიე”. აჰა, ნახე ჩემი სახე, თუ მოგწონდეს(!), შეინახე, და თუ არა, არას დავდევ, ბუხარშიაც შეუძახე! (ეს სტრიქონები ერთი ძველი ალბომიდან მახსოვს, ჩემი არ გეგონოს). რაღაც ღმერთი შემეწია, ძალზე კარგად ვარ. თანაც ის მიხარია, რომ ყველანი პატივსა მცემენ და კარგი ავტორიტეტიცა მაქვს ახლა ამხანაგებში, ასე რომ, თუ გამათავისუფლეს და წამოვედი, ნამდვილად გული დამწყდება… გუშინწინ ვიყავი ქალაქ ვორონეჟში, ბევრი ვიარე მის ქუჩებში. აქვეა პოეტების – ამ ქალაქის მკვიდრთა – კოლცოვისა და ნიკიტინის საფლავები, ოღონდ ახლა ისინი თოვლითაა დაფარული. ტევრად მიმდგარი ვერხვები მირიადი ყვავებითაა მინაბდული ყველგან და ყოველ ნაბიჯზე. გაგიკვირდება, რით იკვებება ამდენი ფრინველი! ამაოდ ებრძვის მათ ამ დიდი პარკის ადმინისტრატორ-ზედამხედველი. ნეტავი როგორი იქნება ეს მიდამოები ზაფხულში? ხელახლა გადავიკითხე კოლცოვისა და ნიკიტინის სევდიანი, გლეხური ლექსები, დავათვალიერე მათი და სტანკევიჩის ლიტერატურული მუზეუმი (სტანკევიჩიც აქაური ყოფილა), კრამსკოის სახელობის სამხატვრო გალერეაში დავათვალიერე რეპინის, ლევიტანის, პოლენოვის, აივაზოვსკის და თვით კრამსკოის (ისიც ვორონეჟელია) შედევრები. კინო-თეატრებში ვნახე ქართული ფილმები – “ვინ არის დამნაშავე”, “ელისო” და “ჯიმ შვანთე”. გასაოცარია, სად ჰქონდათ გადანახული ამდენ ხანს ეს სურათები? ვუმზერდი მათ და თავი საქართველოში მეგონა. ეჰ, ჩემო ნიკლიაუზნიკა! რამდენი რამე მინდა მოგწერო, მაგრამ თავს არ შეგაწყენ. არც გეცლება წაკითხვისათვის. ისე კი, შესაძლოა, ორ კვირაში გნახო.. სიტყვა სამხედრო-საგარნიზონო კომისიას ეკუთვნის. ლადო ასათიანი 22. 11. 1939. საფოსტო ყუთი 27/28 მეექვსე ასეული.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი