ბარდნალა


რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი,
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი
და დედა, დიასახლისი,
ჯანღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები…
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები …
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდეგს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული - პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, სოფელი ლარჩვალი
და მეწისქვილე დამხრჩვალი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?
ეჰ, რა იქნება ხელახლა
დაიწყებოდეს თავიდან,
რაც დროის დენამ შელახა,
რაც დროსთან ერთად წავიდა!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედვინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი