ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? — დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით… მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი