შემოდგომა


შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
- სიტკბოებაც აქ არი!
- სიხარულიც აქ არი!
- ბიჭო, მარდად დაჰკარი!
- ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
აჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
- ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი