3 12026

ისე გავიდა ეს ...


ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი _ გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები,
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
_ ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
კომენტარები (0)