მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ...


ვ-ს

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ  და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ, _
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
Lilith 1 წლის წინ

ასეთ ლექსებს რატომ ვეღარ ვწერთ?

ლადო მხეცი ხარ

ძალიან კარგია, ასეთ გაცვეთილ და პათეტიკურ ლექსებს რომ აღარ წერენ.ვისაც სურვილი აქვს და „ვერ წერს“ ეგეც ძალიან კარგია. ასე რომ ქალბატონო ლილიტ შაბლონური ეპოქა მთავრდება .აქ ვინც ლექსებს დებს, აკლიათ კონტროლი ფორმის და პროფესიონალიზმის. ზუსტად ეს ძველი პათეტიკური ინერცია უშლის ამას ხელს და ბრმა ავტორიტეტები.ასევე განათლება არ აქვთ ლექსთწყობის და სხვა ავტორებს არ კითხულობენ .ვისაც განათლება აქვთ ისინი ზედმეტს ორიგინალურობენ და მკითხველები გაურბიან.ვერლიბრს ამოფარებული უნიჭოება კი არ იმალება.ხოლო მარტლა თუ დაწერს ვინმე მაღალმხატვრულ ლექსს, თქვენნაირი მკითხველი ვერც აღიქვამს.რადგან ხედვა ჩახშუალია ავტორიტეტების წყალობით. რომელთაც გარკვეული გემოვნების კულტი ჩამოაყალიბეს.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი