აბასთუმანში პატარა გალია..


აბასთუმანში პატარა გალია
სახლია მთის ძირში მიდგმული,
ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,
დიდბუნოვანი და დიდგული.
მე, როცა თამარის ციხიდან მოვდივარ
და ირგვლივ ღამეა უკუნი,
როდესაც დაღლილი სხეული ღონდება
და ისმის ხეობის გუგუნი,
როდესაც ეცემა ბილიკზე მეათედ
უბელო ღრუბელი საზარი
და დაღლილ-დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევს
მდინარე ლოდების ზანზარით, _
პატარა სახლიდან, შარაგზის პირამდე,
უეცრად იფეთქებს ნაძვნარი;
ეს _ იგი გამოჩნდა და ბილიკს მინათებს
მისი ნაწნავების ხანძარი.
აბასთუმანში პატარა გალია
სახლია მთის ძირში მიდგმული,
ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,
დიდბუნოვანი და დიდგული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი