ნაკაშურის წისქვილები
მე მიყვარს თქვენი ხის სასთუმალი, თქვენი ბორბლების მძლავრი გრიალი, თქვენი ჭალების ხშირი სტუმარი - ლურჯა აფხაზურუნაგრიანი; თქვენი ქაჯები და ალქაჯები ია-იების თვალთა ბრიალით, მთვარიანში რომ დაალაჯებენ ბროწეულისფერ თავსაფრიანნი; თქვენი სიზმრები, თქვენი ზღაპრები, ღარის წყალივით გადაგდებული, და საკალმახე ფიჭვის ლამპრები, სიყვარულივით განათებული! თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი შთაგონებების რომ ხართ სადგური, თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული. ვერ დამაოკებს დიდი მანძილი, ლექსო, სადავე მომეც ქარების! თქვენს გაურანდავ ტახტზე გაზრდილი, თქვენს სანახავად მოვეჩქარები! მკლავს ნამკაშური - მინდვრის იმედი, ფოთლების ნამით ადიდებული და ცეცხლაპირას ნედლი სიმინდი, გლეხის ბიჭივით ატირებული; მკლავს თქვენს გამჭვარტლულ ჭერქვეშ შეკრებილ სახლიკაცების გრგვინვა-ბუხუნი, რომ გადმოლახეს შიშველ ფეხებით ყანა ცვრიანი და გამუხლული. მკლავს შევარდენი, ფრენით მოღლილი, მზის ბრწყინვალებით დაფეთებული და მეწისქვილე წელში მოხრილი, სულ ერთიანად გათეთრებული. მკლავს, მაგრამ დღემდე ვერ მოვუკლავარ, სიყვარული მჭირს განუკურნელი, მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა, - ახლად დაფქვილი ხორბლის სურნელი. თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი შთაგონებების რომ ხართ სადგური, თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი