წარწერა წიგნზე


შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
“ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე“.
შენ წინათ ცაში დაქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი,
ახლა კი მიკვირს, იმგვარი
აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
ცხოვრების ორომტრიალში
უპირველესი ყოვლისა-
შენ ხმა დაკარგე წინაპრის,
მამაცი მეციხოვნისა!
მე გავაცოცხლე ხმა იგი
და მინდა ყურში ჩაგძახო:
“ადექ მგლის მუხლიმაიბი,
რამ წაგახდინა, ყაძახო!“
შენი პირველი ოცნების
და პირველ სიტყვის დამჯერემ,
სამშობლოსადმი ლოცვები
ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
თავად დავუდექ თამამად
თავადურ ხმათა ღრეობას,
წაიკითხე და პაპათა
დაგიბრუნდება მხნეობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი