ფიროსმანის დუქანი
მე მიყვარს შენი გრილი დუქანი, შენი სიფათი და მარიფათი, თვალები, ცეცხლით განაშუქარი, და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე. შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული: ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი, ბოლოკი, წითლად ალმოდებული, ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი, პატარძალმა რომ დაკრიფა დილით, ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის… შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული: დილაადრიან გადასაკრავი, ატამი, წითლად ალმოდებული, ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა, გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი... შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა, მაგრამ ილაღე, იბედოვლათე, „გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“, გაანიავე მთელი დოვლათი, ქარს გაატანე მთელი ქონება... ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე, საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე, დადექი, როგორც ნოეს წისქვილი. არ მომანათო მაგ საღადარე თვალები, ცეცხლით განაშუქარი, არ შემეკითხო, რად შევადარე ნოეს ხუხულას შენი დუქანი! ამწვანებულა ძველი ხეხილი, გაცოცხლებულან ძველი ბიჭები, ხელგაშლილი და გულგაღეღილი დგახარ და მუშტარს ეპატიჟები… ეს რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი! მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა, მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი, პატარძლის ხელით გამოყვანილი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი