ნადირობის შემდეგ
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ, დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი. და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა, ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი. თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები: ირმების, ჯიხვების, არჩვების, დათვების ― სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით. და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა, სასმური ასწია ლევან დადიანმა: ― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი, გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი! ― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ― ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ― და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა: ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად, ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?! ― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ― ღამეში თვალების გადაბრიალებით ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები. ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა. (მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა): ― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ, ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს! ― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი, ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით, ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია, მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ― თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა. ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში თვალები ვეება გარეულ კამეჩის. და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ― წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები. წყვდიადში თვალების გადაბრიალებით რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები: ― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი, პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი! სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ, რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე. ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე. ― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი ცოცხლობდეს, შრომობდეს, ომობდეს მთავარი! ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები, და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე, ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით … თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი. უშტი და უშქარი - ძვ. მილიონი, ბევრზე ბევრი, უთვალავი, უანგარიშო. ქისონი ― თაგვისფერი, რუხი, მუქ-ნაცრისფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი