გიმზერ და მჯერა ..


გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,
უნდა დაქროდე რუსთაველზედა.

ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!

შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით:
ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!

როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.

მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.

გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი