კაფე რიონის პირად


იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

ისმის რიონის შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით.

იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
შეუერთდება რიონის რონინს
და ლაჟვარდებში გაინავარდებს.

ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი,
ჩაის ვარდების ჩანს აკვარელი,
― სად არის შენი ნანატრი ტოლი?
― სად გყავს დედა ან საყვარელი?

― რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი,
ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!
ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში
ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.

და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების
გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,
ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები
შავით მოსილნი და შაოსანნი.

ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი,
დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

დღემდე მიტაცებს შრიალი შორი.
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი...
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი