კოლხიდა ( პოემა)


მზეო, მომეცი მე სიხალისე,
სინათლე, რაც შენ მოგეპოება,
და კოლხიდაში არ წავალ ისე —
კოლხიდის ბედზე დავწერ პოემას.
ნეტავი იმას, ვინც ღია გულით
კაცსა კაცური უთხრა სიმღერა;
ნეტავი იმას, ვისი ჩონგურის
დღესაც გაისმის სიმების ჟღერა!
ნეტავი იმას, ვინაც მოშაქრა
ლექსის ჯიქანი და ხალხს აწოვა,
მაგრამ, ვაი მას, ვინც ისე გაქრა,
რომ მცირე კვალიც კი ვერ დატოვა!
ნეტავი იმას, ვისაც ჰქონია
კაცის შუბლი და მგოსნის სინდისი,
ვისაც მფარველად მუზა ჰყოლია —
უკვდავი იყოს სახელი მისი!
ვინაც ყველაფერს ჩანგი არჩია,
არ შეუქია ყველა მგზავრები
და რომლის კვალიც მიწას აჩნია,
ვით ნაფეხური დინოზავრების.
ადამიანი ბრძენი და გმირი
მარად ანთებდა მგოსნებს — პოეტებს.
ადამიანზე წერდა შექსპირი,
ადამიანზე წერდა გოეთე.
მზეო, მომეცი იმედიანი
სინათლე, ეშხი, ხმის სიტკბოება.
აჰა, იწყება კოლხიდიანი
გმირობისა და ბრძოლის პოემა.

**
იყო წყვდიადი, კაცის სისხლს სვამდნენ,
ქვეყანას შავი ნისლი ბურავდა,
ადამიანებს კლავდნენ და წვავდნენ,
დედამიწა კი მაინც ბრუნავდა,
მიწასაც აჩნდა ტირანის დაღი
და მიწაც წუხდა კაცის იარით,
რადგან კაცის შვილს ჰქვიოდა ძაღლი,
და ძაღლს ჰქვიოდა ადამიანი.
რამდენი შხამი, შხამი მჩაგვრელის
შეუსვამთ ბედშავ კოლხიდის მონებს,
რამდენი მთა და ხრიოკი ველი
მოურწყავს მათი ცრემლების მორევს,
იმდენი ქვა და სამსალა გველის
მათ დამჩაგვრელებს და მათ ბატონებს!
და, როცა კაცი კაცის სისხლს სვამდა,
ადამიანი სანთლით ეძებეს...
მიაგნეს, ნახეს — ბრჭყალებში ჰყავდათ
დამონებული მწევარ-მეძებრებს.

**
ამ სტრიქონების დამწერს უნახავს
მოხუცი ერთი — სახენათელი,
რომელსაც ბევრჯერ გადაულახავს
ჭაობიანი კოლხიდის ველი.
უნახავს იგი, სახენათელი,
სატევარით და შავი ჩოხითა,
ამ მოხუცს უთქვამს ამბავი ძველი,
თუ როგორ გაჩნდა ქვეყნად კოლხიდა:
„იყო წყვდიადი, იყო სიბნელე...
უძლური იყო კარაბადინი,
ნისლი ებურა კოლხიდის ველებს
და ლაქაშებში რბოდა ნადირი,
და ლაქაშებში სრესდა ფრინველებს
ტახი, მთებიდან გადმოვარდნილი.
იყო წუხილი და გულსაკლავად
ყრმათა აკვნები ფშანში ეყარა
და, როგორც ყანა გაუმარგლავი,
წუხდა ხალხი და წუხდა ქვეყანა.
მონის უღელში გმინავდა ხალხი,
ხალხის ნაშრომი მიჰქონდა გველებს,
თალხი ებურა ქვეყანას, თალხი...
თალხი ებურა კოლხიდის ველებს.
— მიწას არ ძალუძს ჩვენი დარჩენა!
— მიწა ბერწია და ცოდვით მკვდარი!
წყევლიდა თავის დღეს და გაჩენას
კოლხიდის მკვიდრი და ბინადარი.
ტიროდა ხალხი და ხალხის ცრემლით
იბერებოდა კოლხიდის მიწა,
ცრემლმა გაახმო უვალი ტევრი
და ხალხის ცრემლი ჭაობად იქცა.
ცრემლმა დახეთქა კოლხიდის მიწა
და დაიარა ცრემლმა ტევრები,
ცრემლმა ქვეყანას ნაყოფი მისცა
და ცრემლი ჩადგა ყურძნის მტევნებში.
ცრემლმა ადიდა ცოდვა და მადლი,
მერეხად იქცა ცრემლი — კურცხალი,
მან გააყვითლა მნათობი ბადრი
და აადიდა პონტოს ზღვის წყალი.
პონტოს ზღვის ღელვას სხვა გმირი მოჰყვა,
დაატრიალა გველებში დაშნა,
შეწყდა მშრომელთა ცრემლი და ოხვრა,
მერე კოლხიდის ჭაობი დაშრა,
რადგან ზღვახალხის ცრემლები დაშრა
და ხალხმაც შესძლო მკლავების გაშლა”...
ასე მიამბო მოხუცმა ძველმა
მოგონებები მწარე ოხვრითა,
რომ ხალხის თვალით ნადენმა ცრემლმა
შექმნა ჭაობი — ძველი კოლხიდა.

**
ნამდვილი ღამე — კოლხიდის ღამე,
ჭაობში ფაცხა, ლელი და ძეწნა,
— ღმერთო, გვიშველე, მოგვხედე წამით,
— ღმერთო, გაიგე მოკვდავთა ხვეწნა!
ღმერთო, ისმინე ვედრება ჩვენი,
გადაივიწყე ცოდვები ძველი!
ისმინე ჩვენი ძაღლური ყოფის
ამბავი, ზეცის ძლიერო თვალო! —
ევედრებოდა ღმერთს ავადმყოფი,
დასიებული და მოყვითალო.
ჩემი პოემის ლომკაცი გმირი
ეთხოვებოდა მომაკვდავ მშობლებს;
ქარს ცად მიჰქონდა ძახილი გმინვით:
— ღმერთო, მოხედე
ქვრივსა და ობლებს! -
ღმერთი კი ისე, როგორც ყოველთვის,
დუმდა, თუ იყო, — იყო უღონო,
კიდევ ვიწამოთ ძლიერება ღვთის?
შეჩვენებულო ძაღლო და ღორო!
ამოიგმინა მოხუცმა მკაცრმა,
აღრჩობდა წლობით ნაგუბი სევდა,
— გადაგვივიწყა ღმერთმაც და კაცმაც,
ჩემო გაზრდილო, ჩამოჯექ ჩემთან!
— წყეული იყოს ღმერთიც და კაციც,
ხემაც ნაყოფი არ გამოიღოს,
ყველას უჟმური ჩაუდგეს ტანში
და ყველაფერი წყეული იყოს!
წყეული იყოს, თუ იყოს სადმე
ღმერთი, შექმნილი კაცის ენითა,
და ეს ქვეყანა აივსოს ცამდე
შხამით და გესლით მორიელისა.
დაიღრჩოს გველი, არ დარჩეს ერთიც
და მამაღმერთი, ვით კაცის ბოდვა,
ათი ათასი ურწმუნოს გვერდით
დააღრჩოს ჩვენმა შხამმა და ცოდვამ.
— ჩამოხსენ ხატი,
დასწვი და წადი!...
თქვა ეს და უმალ აეკვიატა
სიკვდილის ბნელი ანთებულ თვალებს
და მიწვა იგი ისე ზვიადად,
როგორც ჭაობში ყვითელი მთვარე.
აენთო გმირი — ღაწვებსოველი,
ცეცხლს მისცა ხატი — განათდა ბნელი
ცეცხლზე იწოდა თვით ღვთისმშობელი,
“ყოვლადძლიერი” და “ყოვლისმქმნელი”.
— შვილო, ეს რა ჰქენ? — შეჰკივლა დედამ, —
შვილო, სიამევ ჩემი გულისა?
— ღმერთმა გაგვრისხა, გაგვრისხა, დედი,
და ერგო რისხვა დაღუპულისა.
— ღმერთი, ო... ღმერთი რომ იყოს, შვილო,
ჩვენც მოგვხედავდა კოლხიდის ხალხსა,
შვილო, მშობლიურ კერაზე ტკბილო,
აქ დარჩი და არ წახვიდე არსად!
ხომ უსმენ ჩემი ძარღვების ცემას?
მე მივიცვლები, იმედო, მალე,
და, საყვარელო ბიჭიკო ჩემო,
აქვე გორაკზე დამასამარე.
მე და მამაშენს გაგვიჭერ ტკბილი
სამარე, ფშანის ლერწამის ღერით
და უბედურნი, ტანჯვით შობილნი,
დაგვასამარე შვების სიმღერით.
შვილო, იცოდე, არ მიატოვო
ლაქაშიანი კოლხიდის ბაღი,
შვილო, ისმინე, მინდა, რომ გთხოვო,
არ დაივიწყო ჩვენი ქოხმახი:
კოლხიდის მიწა — ბერწი, გამხდარი,
შენი მშობლების ცივი სამარე,
იცოდე, გავა მკაცრი ზამთარი
და გაზაფხული დადგება მალე.
არ დაივიწყო მშობელი მიწა,
საყვარელი და ტკბილი ყველაზე,
ლაზის ოჯახი არ გააბილწო
და არ ჩააქრო ცეცხლი კერაზე.
ახლა, თოლიგე, ბიჭო, ჩემო დე...
ჩემო დედიკო, შენ გენაცვალე,
ვიდრე სიკვდილი მოფრინდებოდეს,
დაუხუჭავდეს შენს მშობელს თვალებს,
მითხარ ის ტკბილი სიმღერა მალე,
რომ აელვარებს მთათა მწვერვალებს.
მითხარ, იმედო ჩემი გულისა,
ჰიმნი კოლხიდის გაზაფხულისა!
— დედ, გაზაფხული მოვა და მალე
აყვავილდება კოლხიდის ველი.
მზე ცის თაღიდან გაახელს თვალებს
და მოისპობა ჭაობში გველი.
მზე გაანათებს მაღალ მწვერვალებს,
აჟღურტულდება ფშანში ფრინველი.
დედ, გაზაფხული მოვა და მალე
აყვავილდება კოლხიდის ველი!
“იანვრის შემდეგ მაისი დგება”,
მალე გაიარს მკაცრი ზამთარი,
დედი, ხომ ხედავ, თოვლი რომ დნება?
დედი, ხომ ხედავ, ღმუის აფთარი?
“იანვრის შემდეგ მაისი დგება”,
მალე გაიარს მკაცრი ზამთარი!.. —
მღეროდა გმირი მშობლების ფეხთან,
სარკმლიდან სცემდა სინათლე დილის:
ნათელი წყვდიადს უღონოდ შეხვდა,
გამარჯვებული დარჩა სიკვდილი...

**
ვერ მივატოვე პოემის გმირი —
კვლავ მომეხვივნენ სიტყვები ირგვლივ,
მკლავდა დუმილი გულისგამგმირი,
ახლა მე თვითონ მოვკალი იგი.
დატოვა ტკბილი ფაცხა მეგრული,
სამარე დედის, სამარე მამის,
ჩაიდგა გმირმა პოეტის გული,
დაიძმობილა წყვდიადი ღამის.
თავის საშველად...
გაიჭრა ველად.
მაგრამ მშველელი არსად არ ჩანდა,
გმინავდა ხალხი, ხუნდზე დაბმული,
იზმორებოდა ლაქაშში ზანტად
ველი ველური და უდაბური.
გარბოდა გმირი... ვიღაც ეძახდა —
გაწამებული ცხოვრების გესლით:
“დღე დაიღამე მშობლიურ სახლთან
და არ ჩააქრო კერაზე ცეცხლი!”
ანთებდა ცეცხლს და ცეცხლის ენები
სწვდებოდა ზეცას, უნდოს და მუხთალს,
გმირი, ბედისგან განახელები,
მარტოობას და ობლობას წუხდა,
თუმცა გველებმა ველი მოშხამეს
და მზის ხელები მოიგერიეს,
მაინც ანათებს კოლხიდის ღამეს
ცეცხლი საწყალი კაცის კერიის.
დარბოდა ველზე ველური ქშენით,
მონობისაგან შეიქმნა ხელი,
კაცისშვილსა და კაცის გაჩენილს
გადაავიწყდა თავის სახელი.
და შემდეგ თურმე ქვეყნად პირველად, —
ამბობს ლეგენდა გასაკვირველი, —
კამეჩიც რქენით გაიჭრა ველად
მონობისა და ჩაგვრის მხილველი.
მემატიანის გაბზარულ ხმაში
შემდეგ ამბავსაც გაიგებთ ახალს:
იქცევა თურმე ქვეყანა მაშინ,
როდესაც კამეჩს გაქცეულს ვნახავთ!
მაგრამ კოლხიდის ამ ბნელ ღამეშიც
არ დაქცეულა მაინც ქვეყანა:
მზემ სიყვარულით ნახა კამეჩი,
რომ ჭაობიდან ამოეყვანა,
მზემ გაანათა ხმელეთის პირი
და სავალალო ამბავი ნახა —
ფშანში ჩაფლული — პოემის გმირი,
და მისი დახსნაც მზემ განიზრახა.
მაგრამ წყვდიადის ურჯულო ხელმა
ისევ დახურა სინათლის წიგნი,
კვლავ გაიმარჯვა ნათელთან ბნელმა
და კვლავ კოშმარი გამეფდა ირგვლივ.
ისევ დაღამდა, მაგრამ ამ ღამით
ისევ შეება ბოროტს კეთილი...
ნათლის და ბნელის ბრძოლის ამბავი
შემდეგ თავშია გამოკვეთილი.

**
ამ ღამით იძრა კოლხიდის მიწა,
გავარდა მეხი, გამოკრთა ელვა,
ავმა სულებმა გამოიღვიძეს
და ჭინკამ ცხენი შემოაგელვა.
თქვენ თუ გინახავთ ჭინკა სარდალი,
მამამთავარი ყველა ჭინკების,
მაშინ მეტყვით, რომ არის მართალი,
დამერწმუნებით, აი გაჯიქდებით.
ცოცხს მიუგავდა ჭინკას პირსახე,
ჩხაოდა, მოძმეს უხმობდა ყველას.
(მორწმუნეებო, გადაისახეთ
პირჯვარი, როგორც იცოდით ძველად!)
ნეტავ, რომ ღმუის, რა ნადირია?
რამ ააბორგა ასე რიონი?
მოდის ჭინკების ესკადრილია
და ბაყაყების ბატალიონი.
და შენ, მკითხველო, ნუ გეშინია,
(თითქოს გაციებს, ისე კანკალებ!)
რა ვუყოთ, რომ აქ ასე ხშირია
კოღო, ბაყაყი და ბუზანკალი.
მკითხველო ჩემო, მომყევი ასე,
ნუ შეშინდები აქაურ ბინდით,
წამოდი ჩემთან, მე შენ დაგასწრებ
ბაყაყების და ჭინკების მიტინგს.
................
ხვნეშის ჭაობი შხამით, დურბელით,
უჟმურითა და ციებით სავსე,
ცაზე დაბობღავს შავი ღრუბელი
უზარმაზარი ობობას მსგავსი.
— მოისპოს მათი მოდგმა და ჯიში,
ვინც ჭაობშიაც არ მოგვასვენა,
არ დავინახო ცრემლი და შიში,
ჩემო ლაშქარო, დადექი, სმენა!
ალიართალი, ბალიართალი,
თქვენი ტყუილი, ჩვენი მართალი!
ხელში მათრახად ეჭირა გველი
ლაქაშიანი კოლხიდის ველის.
საცრისთვალება ჭინკების წყება
მოდის, მოცეკვავს, მოარხევს კუდებს,
მაძღარი გველი ბაყაყთან წვება
და ძველებურად მას აღარ უტევს.
მოდიან ფშანში და მერე ჩრდილში
უერთდებიან მავნეს და ოხერს,
ჭინკამ არ იცის არასდროს შიში
და არც არასდროს ამოიოხრებს.
ჭინკას პირის ღრუ სავსე აქვს ცეცხლით
და ყურებიდან სცვივა ნაცარი,
ჭინკას მოჰყვება ყოველი მხეცი,
ყოველი მავნე და ნაკაცარი.
ჭინკას უჟმურით სავსე აქვს ფერდი,
ჭინკა კვამლს უშვებს ცისკენ ბოლებით.
ვხედავ, დგებიან ჭინკების გვერდით
ყველა ხუცები და ბობოლები.
— ალიართალი, ბალიართალი, —
იწყებს ხმამაღლა ჭინკა-სარდალი:
—ჭინკებო და ბაყაყებო,
გველებო, და მხეცებო,
სად წავიდეთ, რომელ მხარეს,
ბინა საით ვეძებოთ?
ხვალ მოდიან კოლხიდაში
და კოლხიდას აშრობენ,
უძლევეღი ხალხის რაზმებს
ინჟინრები მარშლობენ.
ხვალ დილით სხვა მზე ამოვა
და კოლხიდა დაშრება,
გადავიქცეთ სატევრებად,
გადავიქცეთ დაშნებად,
მზის ამოსვლა შევაჩეროთ,
ხალხი მოვსრათ, შევაჩვენოთ,
ურა კვიცი შევაჭენოთ!
და ლაშქარი ახმაურდა
ხმით მზარავით, ბოხითა;
— გადაუტყდეს თოხი ტარში
და მოისრას კოხითა,
ვინც მოვიდეს კოლხიდაში,
ვინც წაგვართვას კოლხიდა!
— შევაჩეროთ მზის ამოსვლა!
— მოვსრათ მათი ლაშქარი!
— ვლეწოთ მათი მუზარადი
და ფოლადის ჩაჩქანი!
— შევაჩეროთ მზის ამოსვლა!
— მოვსრათ მათი ლაშქარი
. . . . . .
მოდის ლაშქარი, ტყე-ველს ედება
(მცენარეები დილის ცვარს სვამენ).
ჭინკებს ჰგონიათ: არ გათენდება
და საუკუნოდ დარჩება ღამე.
და იმღერიან:
გარინდებულა
კოლხიდა და ჩვენ კოლხიდის ზე ვართ...
მაგრამ ამოხდა მზე დიდებულად
და გაანათა ქვეყანა მზემან.
მზეს თან ამოჰყვა შობილი მზისგან
ერი ურიცხვი, ვითა ყვავილი
და, ხალხის წინ რომ წერაქვით იდგა,
იცანით? — ჩემი პოემის გმირი!
და ბრძანა გმირმა: რომ ჩვენი მტერი
ჩვენივე ხელით უნდა მოისრას,
ასე გვასწავლის მოხუცი, ბრძენი
ადამიანი ჩვენი დროისა,
მზის მოელვარე თვალთა ბრიალით
დაიბნა ავი სულების ბანდა,
ეკვეთა ხალხი ურყევი ძალით,
ღამის ბურუსი გადაიფანტა.
აივსო ავი სულების ცრემლით
ცისა და მიწის ბასეინები
(ხომ არ შეწუხდა მკითხველი ჩემი,
ბესიკის ბაღში ნასეირნები?)
გაფანტა ბნელი სინათლის ნაღმმა
და გასრესილი სინათლის ტერფით,
მკვდარი ბაყაყი ეგდო გულაღმა,
როგორც ნიკოლოზ ხელმწიფის ღერბი.
ყველა ორგული და დანავსული
ხალხმა გასრისა, დასცა ზრიალით,
უფსკრულმა შთანთქა ყველა ავსული,
ყველა ბოროტი და კუზიანი,
და ისე, როგორც ტურფა ასული
მოვიდა ქვეყნად დილა მზიანი.

**
მთვარემ დადგა ვერცხლის ტახტი,
მზემ აიღო დილით...
და მზე ისე აჩახჩახდა,
სულ დაფანტა ჩრდილი,
კოლხიდაში ყოველ მხრიდან
შემოვიდნენ ლაღად
ციტრუსები და კოლხიდა
გადაიქცა ბაღად
...............
მე ვუმღერი მზიან ველებს,
განახლების ქარებს
და დღეს ვუღებ ჩემს მკითხველებს
ოქროს ბაღის კარებს.

**
რა დიდებული მოსასმენია
კოლხიდის ბაღში ბულბულთა სტვენა,
როცა ცის ნამით მიწა სველია
და ისმის ვარდის ფოთოლთა ცვენა,
დე, მოვიდეს, რაც მოსასვლელია,
მუზამ მგოსანი არ მოასვენა.
მოვიდნენ აზრის მძლე ურდოები
და მგოსნის გული დაიმარტოვეს,
შარიშურობენ ბაღში რტოები,
ვაშლის ხეებმა ველი დათოვეს,
მოვიდნენ აზრის მძლე ურდოები
და მგოსნის გული დაიმარტოვეს.
გინდა სიწყნარე და სიმარტოვე,
ტყუილად ფიქრობ, ტყუილ ირჯები —
კოლხიდის ბაღში არ მიგატოვებს
მანდარინები და ნარინჯები.
არ მიგატოვებს ნათელი მზისა,
ბაღი, ნაყოფით დამძიმებული.
არ მიგატოვებს შლეგი ფაზისი,
ბერძნულ მითებით გაბრწყინებული.
ოი, ფაზისო, ტალღების ცემით
რამდენი მგოსნის წაიღე მოთქმა,
ვფიქრობ, რომ რიგი მოვიდა ჩემი
და მეც მეღირსა ენის ამოდგმა,
მე კი, სხვასავით არ ამაკვნესებს
კლდიან ნაპირზე შენი ალერსი,
მე შენს ხმაურში სიცოცხლეს ვეძებ
და სიჩუმეშიც შრიალი მესმის.
დავსვათ წერტილი; ცოტა ხანს შევდგეთ,
განვაგრძოთ თხრობა
დაწყებულ ამბის
და სადმე ცალკე ვიმღეროთ შემდეგ
ფაზისის ოდა და დითირამბი.
და მაგონდება ლაზი მონები,
და მაგონდება ამორძალები,
როცა მიმზერენ მე ლიმონები,
ასე სათუთად და მოკრძალებით.
ზურმუხტოვანი, კოლხიდის ბაღი!
სადაა მოდგმა და წინაპარი!
გახსნილა ზეცის შვიდივე თაღი
და ახდენილა ძველი ზღაპარი.
მე სად ვეძებო თქვენი გზა-კვალი,
უძლური არის ამ დროს პოეტი,
მაგრამ ვიცი, რომ თქვენი აკვანი
არის ჩინეთი და ინდოეთი.
თქვენი შემოსვლით და მობრძანებით
გულიდან დარდი გადაგვეყარა,
თქვენ კოლხიდაში ოქროს ზარებით
შემოიყვანეთ ცათა ქვეყანა.
თქვით, სად გველების ბუნაგი არი:
გვინდა ბინა და ბაღი მზიანი,
მერე განკურნეთ ხუნაგიანი,
მერე განკურნეთ რახიტიანი.
თქვენ ხართ სამშობლო ბედნიერების,
მზეში შობილნი და მზისნაირნი,
თქვენზე მღერიან ყველა ერები,
ქართველი, რუსი და ისრაილი.
თქვენზე მღეროდა გრძელწამწამები ―
ანი ჩინელი — ძველი მგოსანი.
თქვენ სიდუხჭირე მოსპეთ წამებით
და ციება და ჟამი მოსსარით.
თქვენში სიცოცხლე ლივლივებს მძაფრად.
ანათებთ ღამით, ანათებთ დღისით,
ჩემს ლექსებს უყვართ ზღაპრული დაფნა
და სათნოებაც აკვირვებთ მისი.
და ღამით, როცა აჩახჩახდება
ბაღი, ვით ზეცა ძველი ეგრისის,
ვმღერი — ნეტა მას, ვინც რომ გახდება
კოლხიდის დაფნის გვირგვინის ღირსი.
ო... მე არ მინდა სხვა საჩუქარი
და არც ჰაფიზის ვნატრულობ ვარდნარს,
მე პოეტი ვარ ფიცხი და ჩქარი
და მიყვარს ციდან ვარსკვლავთა ვარდნა,
ჰე, ცხრა მუზაო, მე უნდა მენდოთ,
ვნატრულობ ღამით, ვნატრულობ დღისით.
და გთხოვ, გამხადო, მუზების ღმერთო,
კოლხიდის დაფნის გვირგვინის ღირსი.
ლიმონის ბუჩქი დგას დახუნძლული
და ქარვისფერი ნაყოფი შვენის,
ხესაც ეტყოდა აქ დახუთული:
კურთხეულ იყოს მომყვანი შენი!
.....................
მე ოქროს ვერძით წარსულში მივქრი,
ეგ მთებიც ვერძის ხმაზე მღერიან.
დგანან ხეები, გაზრდილნი ფიქრით
და ვერძებრ ყელი მოუღერიათ.
შთაგონებაში მითები ძველი
ახლდება, ხდება გასაოცარი,
მღერის ლექსებით, გულის დამწველით,
ორბელიანი, დიდი მგოსანი*
— “ძველო ქვეყანავ,
კოლხიდავ, მითხარ
დავიწყებული, როგორ და რით ხარ?
არგონავტთაგან ძველად განთქმულო,
აღთქმის წერილში მოხსენებულო,
შენი შვენება და ისტორია —
მითხარი, ნუთუ სავიწყარია?
მშვენიერებით, სიტურფით სრული
ნეტავ რისთვის ხარ დავიწყებული?
ზვირთი პონტოსი შენ გიალერსებს,
ცა — ლურჯი, წმინდა შენზედ ელვარებს,
მთა დიდებული ასული ზეცას,
ბრწყინვალე სხივით გვირგვინად გადგას,
ფაზისი მორბის და ოქროს ზიდავს
და შენს წიაღში უქმად კი ბრწყინავს.
შენზედ ჰყვავიან მედეს ასულნი,
მშვენიერებით ქვეყნად განთქმულნი”.
— მოხვედი, ცისკენ აღმართე ხელი
და ჩვენ კი გვერდი აგვიარევი,
მგოსანო, შენი საგალობელი
არის ძველი და ნაგვიანევი.
სიმღერა მაინც გვაღელვებს დიდად,
რადგან კუთხეზე გტკიოდა გული,
შენი კოლხიდა, დიდი კოლხიდა
დღეს აღარ არის დავიწყებული.
ქარვების ბაღში მედეას სძინავს,
სიყვარული და სიტკბო დიდია,
ფაზისის ოქრო უქმად არ ბრწყინავს,
აქ ხეებზედაც ოქრო ჰკიდია.
— იყავ კეთილი ჩვენი სტუმარი! —
ეტყოდა მგოსანს ხილთა კრებული,
ორბელიანი იდგა მდუმარი,
სხივოსანი და ჩაფიქრებული.
მზე მიცურავდა სხივთა რიალით,
ცაზე დაქროდა სამხრეთის ქარი,
იდგა პოეტი ორბელიანი,
გაღიმებული, როგორც ცისკარი.
ციტრუსები კი მღეროდნენ
ხოტბითა და ოდით;
წამს შეირხა, როგორც ელვა
და აკივლდა ტოტი:
― ალავერდი! ალავერდი!
მოვრჩით ცდას და ლოდინს;
ღვინისა და თრობის ღმერთი,
დიონისე მოდის!

**
გრძელდება თხრობა ჩემი თქმულების —
მოდიან მწიფე მტევნით ვაზები,
მამაკაცივით ფეხადგმულები
იღრიჯებიან, ვით ჯამბაზები...
და დიონისე ლოყებწითელი,
ულვაშიანი და ჯიშიანი —
მათ წინ მოუძღვის, თან მოაქვს ხელით
ასი წღოს ვაზი, ფოთოლთ შრიალით.
ორბელიანი ხვდება თავაზით
და მღერის ქებას ღვინის და ვაზის.
ხილთა შეხვედრამ და ხილთა ქებამ,
რომ მოგვაგონოს თვით ხილის გემო,
ვნატრულობ დიდი რუსთველის ებანს,
პატიოსანო მკითხველო ჩემო.
მოდიან ათას ჯიშის ხეები,
ამბობენ: ხმელი მოვიარენით,
დავტოვეთ მთები, საჯიხვეები,
მხიარული და მგლოვიარენი.
გვზარდა სამშობლოს მთებმა, ველებმა,
მოვსულვართ თქვენთან რაინდულ ფიცით:
გვინდა ვიხილოთ საკვირველება
ბარაქიანი კოლხიდის მიწის.
და ციტრუსოვან ხილთა კრებული
გაბრწყინვებული, ვით ქარვასლები,
იმზირებიან გაკვირვებულნი,
როგორ მოდიან მათთან ვაშლები.
ამწვანებულა ბაღში ჰერანი,
დაფნა და ვარდი ათასნაირი,
თუ ხარ პოეტი და მომღერალი,
უთხარი ლექსი შოთას შაირით.
კოლხიდა როგორ არ შემიყვარდეს,
როცა ვუყურებ მაისის ვარდებს?
იმღერე, და თუ არ გეშინია,
რომ ლექსში ვინმეს დაუვარდები,
ეს ყვავილები ყველა შენია,
ეს ზამბახები და ეს ვარდები!
ვარდი ყვავილთა დედოფალია,
ვარდი — მიჯნური დიდი ჰაფიზის,
მგოსნის ცრემლები ვარდისწყალია
და ვარდისწყალი — ცრემლები მისი.
ირანში თურმე ასე იტყვიან:
— ვარდი ალაჰის საჩუქარია,
ჩვენში — ვინც შრომობს, ვარდიც მისია,
ვარდიც მისია და უხარია.
და არ იშლება ჩემი ხსოვნიდან.
ირანში თურმე, იტყვიან ერთსაც,
რომ იქ ბალახიც არ ამოვიდა,
სადაც მაჰმადის ცრემლი დაეცა.
კოლხიდაში კი ვარდებს მოგიტანს
და ასე გეტყვის ყოველი გლეხი:
— პირველი ვარდი იქ ამოვიდა,
სადაც მშრომელმა დაადგა ფეხი!
ვარდი მეც მიყვარს გულის დამწველად,
სამშობლო მიწავ, სამშობლო ცაო,
და, როცა მოვკვდე იმას ვთხოვ ყველას, —
კოლხურ ვარდებში დამასაფლაონ!
................
ხვდებიან სტუმრებს თვალებმზიანი
და ოქროვანი მანდარინები,
ეუბნებიან ადამიანებს:
— ჩვენი ნაყოფი მოდით, ინებეთ!
ჩვენი ნაყოფი გაგიხსნით მადას
ბედნიერების ნექტარით სავსე,
ნუ დაიჯერებთ, ბრძენ ჰიპოკრატეს
სადღაც, ოდესღაც რომ უთქვამს ასე:
“ამ ქვეყნის ხილს ცუდი გემო
აქვს და მალე სწყდება ტოტებს,
წყლის სიუხვის გამო იგი
არ მწიფდება არასოდეს”.
გადაივიწყეთ ამბავი ძველი —
რა ვუყოთ, ერთხელ შეცდება ბრძენიც!
.............
მზე იყურება ბავშვის თვალებით
და დედამიწას უგზავნის ალერსს,
ნაირ-ნაირი შადრევანები
აფერადებენ კოლხიდის მხარეს.
ახლოს ჩანს — დიდი სასახლის კარი,
კოლხიდელები რომ აშენებენ,
შორს — უსარკმელო ძველი საყდარი,
თვალებდათხრილი ოიდიპოს მეფე.
არის სერობა, არის ზეიმი
ადამიანის, მზის და ბუნების,
და საარაკო თვალისეირი
სვებედნიერი შეძლებულების,
ბრწყინავს ზურმუხტის სხივდაფრქვეული
ვარდის სურნელით სავსე ჰაერი,
დგანან ხელიხელგადახვეული
ქართველი, რუსი და ისრაელი.

**
ასეთი იყო ხილთა სტუმრობა
სანახაობა თვალის,
ჩემი ნათქვამის დადასტურება
ჩემივე ლექსი არის.
მაგრამ სტუმრობა, წარმტაცი მეტად
მე ვინახულე დილით,
როცა ბედნიერ მეგობრებს შეხვდა
ჩემი პოემის გმირი.
**
რიჟრაჟი იყო, გალობდა ბაღში ბულბულთა კრებული
მზე მონადირე მეგონა, სახუნდარს მოფარებული.
და მერე, როცა ამოხდა მზე გოლიათურ მთებს ზევით,
ფაზისის წმინდა ტალღებში ბრწყინავდნენ ოქროს თევზები.
გადახვეოდნენ ერთმანეთს დამძიმებული ტოტები,
მკერდში ჩაეკრათ მზისაგან გაბრწყინებული ოდები,
ციდან სცვიოდა რიალით ოქროს სხივების შურდული,
იყო ფოთოლთა შრიალი და ჩიტუნების ჟღურტული.
თავს იწონებდა ამინდით ზაფხული ნამნაპკურები,
ბილიკზე ნელი ნაბიჯით მოირხეოდნენ სტუმრები.
შეჩერდნენ... წყნარად შეაღეს პირველი ოდის კარები,
გაშლილი სუფრის გარშემო ჩონგურს უკრავდნენ ქალები
(ბედნიერია, მგოსნებო, ჩემი შაირის პწკარები).
იხილეს გმირი პოემის — ცხოვრებით განახარები.
იხილეს, გადაეხვივნენ, აუფართქალდათ გულები,
იყო გულთბილი შეხვედრა და სიხარული ულევი.
მზისგან დამწვარი მკლავებით მკერდში ჩაიკრეს ჩვილები,
კოლხურ მიწაზე გაზრდილი — პოემის გმირის შვილები.
პოემის გმირმა ცოლს უთხრა: ჩონგური მოიტანეო,
ლექსი იმღერე ქებული, ჩემო მზევ, ჩემო მთვარეო,
ჩვენი ძვირფასი სტუმრები დაატკბე, გაახარეო!
მოვიდა ქალი ჩონგურით მწყაზარი, პირმცინარეო,
ქმარს უთხრა: — ქმარო, მოვედი, შენი მზე, შენი მთვარეო,
შენი გათლილი ჩონგური მოგართვი, მოგიტანეო,
ლექსი ვიმღერო ქებული, სტუმარო, გაიხარეო:
— ნანა, ნანა, დია ნანა
სულზე ტკბილო ჩემო ნანა,
სიკვდილი მას, ვისაც შენი
გახარება დაენანა!
სიმღერებით გამომზარდე,
შემასწავლე ანა-ბანა
მომიტანდი ცვრიან ვარდებს —
ვარდს რად უნდა ვარდი, ნანა?
მიყვებოდი ოქროს ზღაპრებს,
რომ დადგება ოქროს ხანა...
ნანა, ნანა, დია ნანა,
სულზე ტკბილო ჩემო ნანა!
აგვისრულდა განზრახული...
მტერს დაესო გულში დანა,
კოლხიდაში გაზაფხული
დადგა, ოქრო მოიტანა,
აღარ ისმის ისლის ქოხში
ოი... ნანა! ოი... ნანა!
ოდა დავდგით, ისლის ქოხი
აჩრდილივით გაილალა,
შენ ჩემს გაზრდას შენატროდი,
სიკვდილმა არ დაგაცალა;
ჩემს გმირობას მოსწრებოდი,
უცოდველო ჩემო ნანა.
სასთუმალთან ძილისპირულს
მიმღეროდი, დია ნანა,
შორს ვიყავი, მიმელოდი,
ცქერით თვალი დაგეღალა;
ნანა, ნანა, დია ნანა,
სანატრელო ჩემო ნანა!
ახლა ჩვენთან აღარა ხარ,
სამარეში გძინავს წყნარად,
ოქრო ბრწყინავს, ბაღი ბრწყინავს
და დაგნათის თავზე მკრთალად.
ბაღში სტვენენ ბულბულები
და ქარს მიაქვს ხმები ბარად:
— მამამ ასე დამიბარა,
დედამ ასე დამიბარა:
კერია არ გააცივო
და ზედ ცეცხლი გენთოს მარად.
ღამე არის, ზეცის ნამი
აციმციმებს რძიან ბალახს,
მთვარე ოდას გადასცილდა
და ტყის უკან დაიმალა,
ჩონგური კი ისევ მღერის,
სულზე ტკბილო ჩემო ნანა!
ყველა სიამით უსმენდა (ტკბილად მღეროდა ასული),
აგონდებოდა კოლხიდის ჯოჯოხეთური წარსული
და მტერი, ხალხის მახვილით ათასჯერ გულგაბასრული.
უეცრად ხალხის სიმღერამ გააღო კარი ოდისა —
გზა დაუცალეთ, ოჯახში ხალხის მგოსანი მოდისო,
გამოჩნდა ხელში ვარდებით მოხუცი წელგამართული,
შვენოდა თეთრი ჭაღარა და სატევარი ქართული —
ვარდებით მორთო ოჯახი და ააჟღერა ფანდური.

**
იმ დღეს, როდესაც ხარობდა მზეზე
კოლხიდის მიწა, ქცეული ბაღად,
მე დავასრულე ამბავი ესე
და გადავეცი ხალხისთვის ქაღალდს.
დე, ხალხმა ნახოს და მესაუბროს,
კარგია, როცა ხალხი გაგიგებს,
მე ხალხს ვენდობი ყველაზე უფრო,
თუ მოეწონე, ძეგლსაც აგიგებს.
უკანასკნელად ვალი მაქვს, უნდა
მოვიხსენიო მეგობართ წყება,
არ შემიძლია მე წუთით, თუნდაც
მათი ამაგის გადავიწყება.
მადლობა შენდა, ნაზო ქალწულო,
მე ვწერდი შენი საწერ-კალამით
(რად აფართქალდი ბუდეში, გულო?)
მიიღე ჩემი წრფელი სალამი!
მადლობა შენდა, ქალო მთოვარევ,
შენ მისახსოვრე, მგონი, რვეული
და სიხარულით აღმაფრთოვანე
ჭაბუკი, ანცი და ჭირვეული.
მადლობა შენდა, ბავშვივით ჩვილო,
შენ ააჟღერე ჩემი ებანი,
კაცო, მართალო, ბუნების შვილო,
შენით მაქვს შვება — ნეტარებანი.
სითეთრე დღისა თოვლებრ დნებოდა,
იდგა ზაფხულის დღის სიტკბოება,
მზე ჩადიოდა და სრულდებოდა
ჩემი ლექსი და ჩემი პოემა.
მე სხვაგვარ ცეცხლით მეწვოდა სული, —
უფაქიზესი გრძნობების ბინა
და შთაგონებით გარემოცული
ვხეტიალობდი შავი ზღვის პირად!...

* “ორბელიანი დიდი მგოსანი”-აქ ნაგულისხმევია მე-19 საუკუნის ქართველი პოეტი ვახტანგ ორბელიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი