შენ ოღონდ


სიფხიზლეს ყოველთვის ხმაური მოჰქონდა
ვიხსენებ, ვხდებოდი სიზმრისგან ავად რომ.
შენ ძილინებისა მისურვე ოღონდაც,
შუქს მერე ოთახში მე თვითონ ჩავაქრობ.
რა ვუყო, ვიცოდე, ბოლო დროს უკნიდან
მოვარდნილ, წლების წინ დაწყებულ გრიგალებს.
რა მერე,
არ ვდარდობ,
ნუ მოხვალ - თუ გინდა,
მე ოღონდ მჯეროდეს - არ დაიგვიანებ.
თოვდეს და ვთანხმდები - უფალიც ნუ ჩანდეს
დამკბინოს საღამომ - შემჭამოს კი არა.
შენ ოღონდ შემთხვევით, მოწყენილ ქუჩაზე
შენ ოღონდ ცოტა ხნით...
შენ ჩამოიარე...
ვერ ვავსებთ დუმილით ჩავარდნილ ადგილებს,
ხდება, რომ რატომღაც ვერაფრით შლი აფრებს.
თუ არ გამოვიდა, მაინც ვერ მატკინე,
შენს ლამაზ წასვლაზე რაიმე მიამბე.
არადა, ღიმილმა არ უნდა დამათროს,
ლოცვისთვის არ ვარგა დაღლილი მუხლები.
შენ დამესიზმრე და გპირდები, - არასდროს,
არაფრის დიდებით წყალს არ მოვუყვები.
ღმერთიც გვეყოლება, მზეებს დაგვირიგებს
მოდი, გაუვიდათ ვადა იმ ხეივნებს.
შენ ოღონდ მაჩვენე, რომ ნატრობ გვირილებს
"კი"-ებს და "დიახ"-ებს მე ვაძახებინებ.
არ ვუშინდებოდი საერთოდ, აქამდე
მაგ თმებზე ფრაზებით გავსებულ რვეულებს.
შენ ოღონდ როდესმე სიცხიანს გნახავდე
და მერე მე ვიცი - რას ვინერვიულებ...
სად გინდა ძილისგან დაღლილი ჩამოსხდე,
ტყდებიან დღეები, მომავლის ხიდები.
შენ ოღონდ ჩურჩულით "იყო და" წამოგცდეს
და "არა იყო"-ებს ისედაც მივხვდები.
სიფხიზლეს ყოველთვის ხმაური მოჰქონდა
ვიხსენებ, ვხდებოდი სიზმრისგან ავად რომ.

შენ ძილინებისა მისურვე ოღონდაც,
შუქს მერე ოთახში მე თვითონ ჩავაქრობ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი