შენ თუ შეძლებ


"შენი განწყობა" რომ ოდნავ გავაქარ-წყლო
ისევ ლუდი მრჩება (ისიც ორი კათხა)
ჰოდა, გეფიცები (მე) ამ საახალწლოდ
მხოლოდ შენ თუ შეძლებ - რომ არ მომიკითხო.

ზეცა (აცივდა და) ზამთარს დაახველებს
ფიფქიც ისეთია რაღაც - შარიანი.
ფოთის ცენტრალური ქუჩის სიახლოვეს
მხოლოდ შენ თუ შეძლებ - რომ არ ჩაიარო.

მერე შენზე ფიქრი უნდა გავაჩარო
დღეებს იანვრისას ვაგებ პარტიებად
მხოლოდ შენ თუ შეძლებ - თვითონ დამნაშავეს
რამე აგიხსნა და გთხოვო პატიება.

და მზე დაგვიტოვებს ამინდს ინვალიდად -
ზეცას წვიმის წვეთიც აღარ ექავება.
ისე (უეჭველად ვიცი) ჩვენ ორიდან
მხოლოდ შენ ვერ შეძლებ თავის შეკავებას -

აქვითინებისგან.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი