ჩვენ ვართ პასუხი


გამოცანაა ჩვენი ყოფა
ჩვენ ვართ პასუხი -
დასმულ კითხვებზე,
დაუსმელზეც პასუხი ჩვენ ვართ...
ვიღაც "გაფრენილს" მოგვაძახებს
ვიღაც მაზოხისტს,
მაგრამ ცალ ფეხზე დავიკიდებთ სულ ყველას -
ჩვევა -
ასეთი გვაქვს და...
ძირითადად ოთხი რამისგან
შევდგებით.
(ფიქრი აგვიკრძალონ იქნებ, არიქა!)
ჰოდა დაგიწერ მაგის დედაც!
მოდი გავრსკავ!
ოთხი რამისგან შევდგებით თქო - ასე, ამრიგად:



ა)                ქალებზე დარდი~

არ დაგვკლებია ჩვენ-ჩვენი ევა
უკვდავი წყვილი ლექსიც ხომ თითოს
ვაჩუქეთ. მერე ვეწევით, ვწევართ
ქალებმა? დაე, ტკივილი ზიდონ
ჩვენ რომ ვაჩუქეთ, რომ ახსოვთ მწარედ.
ვიტანჯებოდით ჩვენც ერთ დროს მისით.
ძმა, სხვანაირად ვეცნობით ქალებს
ძმა, დაშორებაც სხვაგვარი ვიცით...
და დაგვიკარგავს რამდენჯერ აზრი
და დაგვიკარგავს რამდენჯერ ძილი
ქალზე, რომელიც შენ ღამით ჯვარზე
გაგაკრავს. მე კი - (უთუოდ) დილით
ოცდაათ ცენტად გამყიდის. ნეკის-
ოდენა დროში დაგვტოვებს. ჩვევა
აქვს. ჰოდა
ცრემლით,
თამაშით,
ცეკვით -
არ დაგვკლებია ჩვენ-ჩვენი ევა...



ბ)                ძაძებიანი დედები

ვართ ღამეები და ოდესღაც ვთენდებით
რა გითხრა? სინათლე ყოველთვის გვჭამდა და...
ყველასთვის ფერადად ვარსებობთ, ჯანდაბა!
შავ-თეთრად გვხედავენ ძმა, მხოლოდ დედები.
და ასე ცხოვრობენ უჩვენოდ, ძაძებში
ჩვენ უკვე ვღვინდებით და იცი? ამიტომ
მე ვშიშობ, რომ ვნახავთ ვაი, თუ არ გვიცნონ
ნეტავი ხელიდან არასდროს გავეშვით.
გვიჭირდა ნაბიჯიც კი რომ შეგვეთვისა -
დედების გარეშე. (ხელ-ფეხიც დაგვება)
რას ვიზამთ, უბრალოდ დაგვასწრეს მამებმა
ძმა, თორემ მაგ ძაძებს დედები ჩვენთვისაც  -
კი ჩაიცმევდნენ და გაყინულ სამძიმარს
ეტყოდნენ ყოველდღე მეზობლის ქალები.
კონტინენტს გადაღმა გვეძებენ თვალებით
კონტინენტს გადმოღმა გვესმის და არ გვძინავს...



გ)                მამების საფლავი

მამებზე ვსაუბრობდით, ვეც ერთხელ ვერ ვიტირეთ სამი ცდიდან
გვიჭირდა უსაშველოდ (შენც იცი) ცრემლებს ვთხოვდით როცა ქრისტეს.
ვგრძნობდით და კიდევ ვიგრძნობთ: მამები ჩვენზე მეტად განიცდიან
მომენტებს, სადაც დიდი შანსია ძამი, ფეხი რომ დაგვიცდეს...

ეტაპებს, სადაც დიდი საფრთხეა ავუხვიოთ უფლის გზიდან
იმ უფლის - მე და შენ რომ გულებში ვერა და ვერ დავიჭირეთ.
ჩვენ მამის ცოდვები და შვილებმა ჩვენი კრახი უნდა ზიდონ
რა ვუყოთ კანონია, ძალიან ძლიერი და... ან რა ჭირად -

დავიწყე საუბარი. ჭრილობა (უეჭველად) სამი თითის
სიღრმეზე გადიდდება, ავიტანთ, არაუშავს უარესიც
გადაგვიტანია. და შენ ამ დროებასთან წამით მიდი
ადგილზე გაგათავებს ძმა, თუ არ შეუტევ და თუ არ ესვრი.

შვილების სახელები ვერაფრით ავირჩიეთ (სამი ცდიდან)
"ოღონდ ეს საჩუქარი უფლისგან მივიღოთო" - და მისაღებს
მივიღებთ წლების მერე. მამები ჩვენზე მეტად განიცდიან
წუთს, როცა მე და შენ ორს "მამა"-ო (პირმშოები დაგვიძახებს)



დ)                ძმები (ღმერთნაკლული ჩვენ)

ქალაქები გვყოფს. აღარ ვიცი შენი მარშუტი
აქ მარტო დავრჩი. მჩეხავს ფიქრი, როგორც მაჩეტე.
უბრალოდ თქვი, რომ "იპოეტე" - მერე გაჩუმდი
ძალა მომეცი მეც ავდგე და (წამით) გავჩერდე.

მხრებს დატყავებულ (რა თქმა უნდა) აწი არაფე-
რი ეშველება. ჩვენ მოგვიწევს ისევ ანთება.
შენს შიშველ ლექსებს (რიგრიგობით) გულზე გავაფენ
ოდესმე გულიც ამოვა და მათთან დათბება.

მილიონი გვაქვს (მე თუ მკითხავ) სულის მიკრობი
სხვა ეპოქაა, სხვა სედვაა, სულ სხვა სისტემა.
ყოველდღე ვამჩნევთ: თითო უფალს გულში გვიქრობენ
არცერთი ღმერთი ჩვენს გულებში აღარ იზრდება.

ნაკუწ-ნაკუწ თუ შევაგროვებთ, რა გზაა მეტი?
(როგორც არასდროს ახლოსაა დღეს ჩვენთან ხრამი)
ხოლო, როდესაც იმ ნაკუწთან ვსაუბრობთ ღმერთის:
"გვაპატიეო ყველა ლექსი..." - ვლოცულობთ ღამით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი