ციკლიდან "მოხუცები" (ლექსი N2)
ქალი: ალბათ ორი ცრემლი მხოლოდ თუ უკლია დაღამებას სიმწრით (თუკი გახსოვს) სამას ოცდაათჯერ გვიტირია. ადრე (ახალგაზრდებს) ერთად გათენება გვახარებდა მერე თავანივით ის დრო ჩავაბარეთ ისტორიას... ისე გადიოდა ხანი, ვერც ვამჩნევდით სამოცამდე დღეს კი აუჩქარა ნაბიჯს, შედარებით თავხედურად. სუნთქვას მოვუსმინო შენსას (კიდევ ერთხელ) დამაცადე რაღაც მძიმედ ივსებ ფილტვებს, მაშინებ და... გსაყვედურობ - რომ სულ მოეშვი და... (აღარ გავაგრძელებ დანარჩენებს) მინდა (ძველებურად) ხმებში რომ ვიმღეროთ, ამ ოცნებას - გულში გამოვამწყვდევ (პატიმარივით თქო) და გაჩვენებ: როგორ გვიჭირს ხოლმე, ცაზე ბინდი როცა ჩამოწვება... როგორ გვემატება თითო ნაოჭი და წყვილი ცრემლი მაგრამ ვერ მოიცლი - ეს რომ მოისმინო საიმისოდ გახსოვს, საყვარელო? ადრე შენს სიტყვებს რომ ვიფიცებდი დღეს კი (ალბათ) შენი უსიტყვობა უნდა დავიფიცო... კაცი: მართლაც რა ცივია ჩვენი ძველი სახლი (მოწითალო) ჩემი ტკივილების (ჩუმად მოვარდნილი) ქარი გქვია. იცი? აზრიც არ აქვს ახლა, განწყობა რომ მოვიტანო ვეღარ... ვეღარ გიწერ, ფრაზებს ვერ ვალაგებ, გამირბიან... უხასიათობა, მერე ალკოჰოლი, სიგარეტი - უკვე სტილად მექცა, რა აუტანელი რეჟიმია! ადრე შენს გარდა ხომ (გვერდით) არც არავის ვიკარებდი ახლა უღმერთობა შემომპარა და მეშინია... წევხარ სხვა ოთახში, ასე გადავწყვიტეთ ამ ბოლო დროს ნეტა არ გციოდეს. ტანზე ჩემი მზერა დაგაფარე მოდი მაპატიე (არანორმალურად გავბოროტდი) ზოგჯერ გვერდს აგივლი ისე, გეგონება - არაფერი... თუმცა ჩვენი გრძნობა ბევრად გაიზარდა მოცულობით ცოტაც... დავისვენებთ ყველა, დამთავრდება ომი როცა. გახსოვს, საყვარელო? ქერა თმებზე როგორ ვლოცულობდი დღეს კი.. დღეს მომიწევს მაგ შენს ჭაღარაზე რომ ვილოცო (მხოლოდ ფერში არის რაღაც უმნიშვნელო განსხვავება)
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი