დავშორდეთ მოდი


დავშორდეთ მოდი... მიზეზი გვაქვს ასი ათასი
არ გენანები, მე ხომ ვატყობ (არ ვიმჩნევ მაგრამ)
საყვედურს, ცრემლებს ციცქნა გულში ასე ათავსებ
და ქორწინებაც მე თუ მკითხავ უკვე აზრს კარგავს..
ვხედავ თანდათან, რაც დრო გადის განაღვლებ აღარ
თუნდაც ეპოქამ შენს სუსტ პოეტს სისხლი  ადინოს,
მე არ მგონია გავუმკლავდე ოცნებებს მაღალ
მოვრჩეთ, ასე ჯობს საყვარელო, კარგად! Adios!
რა დაშავდება პირობითად რომ იყოს ასე:
მე ლექსებს ვწერდე, შენ დაღლილი რომ გვერდით მეჯდე?
იცი? ტყუილია... იცი? მოვრჩეთ... არა აქვს ფასი
რომ არათითზე ვატარებდეთ ოქროსფერ ბეჭდებს...
შენ არც კი მისმენ რომ გიკითხავ დანაჯღაბნს რაღაც
მე - ცოცხალ სევდას, ყოველ ღამით ვალს მადებს ღმერთი,
მომხსნი კედლიდან, გადამაგდებ, როგორც ძველ ნახატს
იცი? გამისკდეს ლამისაა ფეთქვისგან მკერდი...
ფიქრს ვატან უკვე ჩემი გულის უდიდეს სექტორს
ხედავ ზამთარი ბატკნებივით ხეებს რომ პარსავს?
ან რა აზრი აქვს ჯიბეში რომ ფურცელი მეგდოს?
ჩემი ლექსები? - აშკარაა კიდია მასას...
მახსოვს ვხვდებოდით ტრიუმფალურ (ფაზისის) თაღთან
თუ მოგენატრა ოდნავ მაინც - ძალიან კარგი,
მაგრამ ცხოვრებამ გადაწყვიტა და დროა ნაღდად
რომ ჩვენ ორიდან დღეს ერთ-ერთმა ჩააწყოს ბარგი...
ჰო, სწორედ ახლა, ნუღარ გიკვირს, ვუცადოთ ვის კი?
ან რა აზრი აქვს ამიხსენი სულელურ ლოდინს?
შენ შენი სახლი გელოდება, მე - ჩემი ვისკი
ჰოდა მშვიდობით, კიდევ გეტყვი დავშორდეთ მოდი...
ნუღარ უჩივლებ (რომ გჩვევია) ფორტუნას, იღბალს
დიდი ხანია (ხომ ესეა?) რაც ამ დღეს უცდი,
მაგრამ მე ვიცი, ამ მასკარადს, ამ ნიღაბს მიღმა
ცისფერთვალება გოგონა ხარ, ბავშვივით სუსტი...
ქალაქს ღრუბელი ბადრაგივით სულ თავზე ადგას
გახშირდა თითქოს ჩხუბის შემდეგ სენტიმენტები,
გულის დამალულ, ჩაბნელებულ კუთხეში სადღაც
რატომღაც მაინც ისე ძლიერ მეიმედები...
სადარბაზოში ვეწევი და გარეთ ქარია
სანამ ჩაქვრები ლექსებს გეტყვი თამბაქოს ფერფლო,
სამწუხაროა ეგზომ, თუმცა ჩემო მარიამ
ხანდახან შენთან სამეტყველო ენასაც ვერ ვფლობ...
ბუნტისთავივით ამ სიჩუმეს მხარს მაგრად გავკრავ
მინდა ფიქრები უმოწყალოდ ახლა დავსერო,
დავშორდეთ მეთქი, თუმცა არის აქ ერთი "მაგრამ"
ანუ, ბოლომდე მომისმინე... ანუ... ასე რომ:
გულის სიღრმიდან მოვარდნილი ბოლო ხმაც მტოვებს
(ლბება სიმკაცრე, ისე როგორც ცივ წყალში ჩვარი)
დავშორდეთ მოდი - გეფიცები ჯერ არცერთ პოეტს
ჯერ არცერთ მათგანს უწერია მეორედ ჯვარი -
იგივე ქალთან...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი