ფარდაგი
ქვიშა და წყალი, ქვა და ხავსი - რელიეფი შენი ფარდაგის - სახელდახელოდ გაგორებულის - ტერფქვეშ იცვლება. დაბიჯებას ძლივს ვასწრებ. კაწრავს. თვითონვე არჩენს. ქუჩები და კიბეები და იატაკი, განათება და შუქ-ჩრდილები - მიცვლის სახეს, ასაკსა და მიმართულებას. ნაბიჯს ვუჩქარებ და ფარდაგიც სულ უფრო სწრაფად მიგორავს, ასწრებს ტერფქვეშ გაგებას. ღმერთო, ზოგჯერ როგორ უშენოდ მტკივნეულია. ხოლო ზოგჯერ - ფეხის თითები - თმის ღერებამდე იწყებენ ციმციმს. ცაც იცვლება ჩემს თავსზემოთ - სპეცეფექტებს არ იშურებს - მომდევს თავისი ღრუბლებით და დიდი დათვის თანავარსკვლავედს მოაფრიალებს. ვერ გავიგე - ეს მზეები ერთჯერადია, თუ ერთია და დღეები გზადაგზა სცვივა. როგორ ვენდობი მე ამ ფარდაგს, როგორ მივყვები, და ისიც - როგორ იგრაგნება, როგორ მიგორავს- სულ უფრო სწრაფად - ტერფქვეშ გაშლას ასწრებს, აგრძელებს. რამდენი ნივთი დამრჩა უკან - ვერ ავისხი სამკაულებად. თითები და მხრები არ მეყო. ოკეანემ შეასახლა მათში თევზები. რასაც სული აქვს, თან გამომყვა - გამოიქცა, კვალდაკვალ მდია - ალუბლის ხეში ლიქიორი ჩადგა, გაცოცხლდა, მეგობრებმა არქტიკული სილურჯისკენ თვალების თაფლი გამომაყოლეს, ტბებმა ყინული გადაიკრეს, რომ გადამევლო, შენ - ჰაერივით შემომეხვიე, რომ მეყო ასე - სუნთქვის ბოლომდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი