ოთხი წლის ლექსი


ვარდები, შინ რომ დამახვედრე,
მთელი საღამო მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობენ.
ჩვენს საიდუმლო ტბად იქცევა ლარნაკის წყალი -
მის კრიალა ნაპირებთან ჩათქმულ სურვილად, რომელიც მაშინ
ჭექა-ქუხილში გამოხვეულ თვითმფრინავზე ლამაზი და საშიში ჩანდა.
სხვა გზა არც იყო შინ დაბრუნების.

ოთხი ცალი ხავერდის ვარდი
ყვება ჩვენს ოთხ წელიწადზე -
იშვიათი ლექსებით და ხშირი სიტყვებით სავსე დღეებზე,
რომლებიც გავდნენ ათასფერი საღებავით დათხვრილ მუშებს -
აშენებდნენ სახლს, რომელში შებიჯებაც
იყო მხოლოდ შინ დაბრუნება.

საათმა, შიგ რომ ჩამოვკიდეთ,
თითქოს წარსულის გზებიც იცოდა -
გვიყვებოდა მარტოობის დავიწყების თავგადასავალს -
სავსეს ყოფითი ხიფათებით,
მათი პატარა საკნებიდან
თავის დახსნის ყველა მცდელობას.

როგორც სწრაფი კარუსელი,
შორიდან რომ მხიარული ჩანს,
მაგრამ გზადაგზა, მძიმე ნაყოფი, ხესავით, სცვივა -
მაშინებდა ყოფნის ყველა ატრაქციონი -
თვალისმომჭრელი, სულის წამძლევი,
საფასურით – გარდაუვალი ტრაგედიების.

კედლებს – კედლებთან მიკედლებულს
და მაინც ცალკე ბინადრობას -
ამოევსო ყველა ჩემი ძველი ქალაქი.
მათ სიღრმეში მეგულებოდა გაუქმებული ბავშვობის კარიც.
რომელიც ისევ გამოაღო
ჩვენი შვილის პატარა ხელმა.

შენ კი ფიქრობდი, რომ ქროლვა ღირს თავბრუსხვევად,
რომ ამ გზაზე მთავარია შენი ფირის ფერით ავსება,
საყვარელი ხმებითა და სახეებით,
წარსულიდან მოცქირალ თვალებს
ახალ სიცოცხლეს რომ დაანახვებს
და ამ სიცოცხლის მიღმაც – სიცოცხლეს.

სამი ცალი წითელი ვარდი. და ერთი – თეთრი,
ჯერ გაუშლელი – მომავალივით,
რომ არ ვიცით ზუსტი ფორმა.
ისინი ჩვენზე ლაპარაკობენ.
მთელი საღამო შემიძლია ვიჯდე, ვუსმინო.
მათ ლარნაკში შაქარსა და სიტყვებს ვამატებ.

მინდა ძალიან დიდხანს გაძლონ – ჭკნობის გარეშე.
ვიცი, რომ თითქმის შეუძლებელს ვთხოვ.
მაგრამ ისინი დღეს ისეთი სიყვარულით ლაპარაკობენ,
ეს ძველი დისკი, ლექსი, ამ ხმას თუ შეინახავს,
იქნებ დავსხდეთ და მოვუსმინოთ
ათი წლის მერეც, ოცი წლის მერეც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი