დრო სერიული მკვლელია ..


დრო სერიული მკვლელია. დროა
ვაღიაროთ და მივუტევოთ სხვა ნაძირალებს.
სიმართლე, როგორც კადრების ხროვა -
ხმაამოცლილი სამძიმარია.
ეს კი კვლავ ჩემი სიმდაბლეა -
კატასტროფა ვაქციო ლექსად,
ვწერო სიკვდილზე -
არაფრით რომ არ იმსახურებს
არც ყვავილებს, არ ფერუმარილს.
მკვდარი ნივთების სამყაროში ელავს სიცოცხლე.
არყოფნა ბევრად ბუნებრივია.
ეს ღირს სიმართლე – უპირობო და უეჭველი -
ნელი კვდომა – გაქრობამდე აჩქარებული.
ბოლოს პასუხსაც აგაფარებს – დაუჯერებელს -
მთელი თავისი სისხლჩაქცევებით, ჩალურჯებებით.
უყურე – ტვინის შერყევამდე სახიჩარია -
შეუძლია ამოჭამოს სილამაზე ნებისმიერი.
თვალებს ვერსად გადაუმალავ. მთელი შენი ავტომატური
გაღვიძებები, დაძინებები – არის მხოლოდ მისი ჩახმახი.
სადენებშიც ისევე ჟონავს, როგორც ძარღვებში -
გარდაცვლილმა მეგობრებმა „ფეისბუქშიც“ შემოაღწიეს -
მათი ღიმილი აუქმებს ყველა ვირტუალურ სამოთხეს,
ყველა თამაშს, რომელიც უსაფრთხო ჩანდა -
სასიყვარულო ბარათების წერას,
რბოლას ავტომაგისტრალებზე -
უნდა უყურო როგორც მხოლოდ საბედისწეროს.
გაუქმებული შუქურაა – თავის დაღწევაც.
თვალი კი – გემი – ყინულმჭრელი -
თავის გზაზე ამაოდ წვალობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი