ანდროგინები


ცის თაღი ადგას დიდ იმპერატორს
და მის მწუხარე, ფრთოსან მინისტრებს,
დრო კი განაგებს ძველ ატელიეს -
ჭრის, აგვირისტებს, ჭრის, აგვირისტებს -
უთვალავ სახედ – ერთ მატერიას.

ისინი კი – უცხო ტომის ხალხი, კარგახნის გარიდებული
ნაყოფიდან ნაყოფის ცვენას,
შორიახლოს დგანან, გვიმზერენ -
სრულყოფილები, როგორც ჰაერი, ან წყალი -
კანის ფერისა და სქესის გარეშე,
რომ არა აქვთ ნაწიბურები, რასაც შიში შეეპარება,
ან სიბერე, ან კიდევ – ვნება.

მათი გაკვეთა ერთადერთი გზა იყო
იმის დასამტკიცებლად, რომ მომავალში გასაღწევად
საჭიროა ქალი და კაცი. მუხტი, რომელიც ამოავსებს
ჰაერის ფორებს – წამიერი, ერთმანეთზე დაგეშილი
სხეულების ბედნიერება, ილუზია უკვდავების,
შემოქმედების, საჭრეთელი – ახალი სახის გამოსაკვეთად.

ყოველი ბავშვი ძღვენია მისთვის.
თითოეული ისტორია სიყვარულის,
სასოწარკვეთა, ერთმანეთის ძებნა,
ტანჯვა მარტოობაში. გზადაგზა კი უსარგებლო,
აკრძალული შეჯვარებები – ვნების ღია ჭრილობები -
ახალ სიცოცხლედ რომ ვერ ხორცდება.
ანდროგინები, თუკი ისინი არსებობენ,
სევდიანად უყურებენ ყველა მოწამეს -

მგრძნობიარე ფერად თოჯინებს -
ერთმანეთის გამოძენძილ ძაფებზე რომ მიშტერებიათ
სხვადასხვა ზომის ღილის თვალები,
რომ იყოფენ ქსოვილს – ხორცისთვის,
უთვალავჯერ ჩაბრუნებულს ჩხრიალა სკივრში,
უთვალავჯერ ამოღებულს, გადაკერილს, გადაკეთებულს,
რომ როგორმე, იღბლიანი და შემთხვევითი შეხამებით
გამოჩნდეს სახე – ღმერთმა თავისი თავი იხილოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი