სააღდგომო მზადება


თითო ნაჭერი – მამლის ხორცი, ბატკანი, თევზი -
შენი სახელით – გამართლება ჩვენი ნადიმის -
როგორც კვერები – ზიარების – შენი ტრაპეზის
სუფრიდან, შენი ლოდინი რომ გაგვიადვილოს.
უფალო, ჩვენი მოლოდინიც აბეზარია -
ვხმაურობთ, ვგავართ კრაზანების ბუდეს ნამდვილად -
შენი წყალობის თაფლი გვინდა ყველას სადილად.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა ზუსტად ჩემი მსგავსია -
თუნდაც კისერი მოიტეხოს, ყირაზე დადგეს
ვერ ამოძვრება სივრცის გარსიდან,
რომელიც ისე გაიწელა, გონებას გაცდა,
ყველა ფორმა და ჩრდილი გასცილდა.

ჰე, ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თვალი -
(ამ მანძილს მხოლოდ თვალით ამოთხრი)
ვერტიკალური უფსკრულია, თუნდაც რომ იყოს
კაშკაშა, როგორც ბრმების სამოთხე,
წარსული – ცხვრების გაძოვილი, გადათელილი,
აქა-იქ – ნამწვით – განწირული ამბოხებებით.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა – ჩემი გენომებიდან
გამოზრდილია – ბრმა კიდურებით
თაყვანს გცემენ თუ გეომებიან -
მათი ეჭვების გარნიზონები -
დამარცხებაში მეორდებიან.

ჰე ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თითი -
სტრიქონებს შორის პურის ნამცეცებს
და ჭიანჭველებს გადავაწყდი – გაფაციცებით
რომ ირეოდნენ. მათგან არც ერთი
არ მოათრევდა სარჩოს შენსკენ.
მე კი – გეძებდი. ასე დამარცვლით -
მეგონა, რომ პოვნას შევძლებდი.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
ყველას პასუხი მჭლეა, მსუყეა
და მე ვშიმშილობ. ასეთი მარხვაც
არსებობს – ასე კვებავ სულ ყველა უძღებ შვილს,
ასე მტკიცედ, ურყევად
უტოვებ შენთან მოსვლის უფლებას.

გვაქვს სააღდგომო სამზადისი -
ვდგავართ მიჯნაზე -
სიცოცხლისაკენ მობრუნება გვსურს გულმხურვალედ
და ჩემი ხელიც უნებლიედ გადამწერს პირჯვარს,
რადგან აპრილის ხეხილს ვუყურებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი