სახლის მცენარეს რა შეუძლია? ..


სახლის მცენარეს რა შეუძლია?
წყალს თუ დაუსხამ – მწყურვალს, უძინარს -
ფესვებით გაშლის ქოთანში ლოცვანს.

თუ არ დაუსხამ – მაინც ილოცებს -
ხველებ-ხველებით, გვალვის ბრონხიტით -
ოთახის ჰაერს მოხვეტავს ბორცვად.

მინდვრის ნარგავებს, ველურ არსებებს -
თუ უწყალობებ წვიმებს – მოსვამენ,
თუ მოაწყურებ – კისრებს დახრიან.

ვინც კი მშიერი სადმე დაგრჩება,
რომც გაგიბედოს და შემოგღრინოს -
მხოლოდ საკუთარ არსებას დახრავს.

სარჩოს – სარჩოსთვის რომ ანაწილებ -
შენი ხორბალი, მხეცი, ფრინველი -
ერთ უზარმაზარ ქვაბში ირევა.

ფოთოლი, ფრთა და ბრჭყალი ყოველი -
სრულქმნილებისთვის გამოყვანილი -
დანაყრებისთვის მაინც მცირეა.

რომ არ გყოლოდი თავისუფალი -
სიყვარულიდან გაზრდილი შიში -
დაკარგვის შიში – ჩემზეც დაგეშე.

ახლა თითების ბალიშებიდან,
თმის ღერებიდან, კიდურებიდან -
ეს შიში ჟონავს და არ გამიშვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი