ლოცვა აბსტრაქციად
რამდენი ძეგლი აუშენეს ამაოებას, რამდენი შთანთქა, ან ნასვრეტები გაუჩინა, დაიგემოვნა, გაინაბა, ისე როგორც ჰოლანდიურ ყველში – თაგვი. თითოეული ქვა, აგური, სიტყვა და ფერი - ტკბილ საკბილოდ გამოიზოგა. გახსოვს – ზღაპრებშიც ბრძოლა იყო, მაგრამ გუმბათებს უელავდათ მამალოები და მათ თავზე – კარგახანს – ჯვარცმაც შაქრის გეგონა. წლებთან ერთად რკინად იქცა – ტანჯვის სიმბოლოდ - ქარი და მზე რომ ვერ დაადნობდა. დღეს შენი შვილი, სამი წლის, მოდის დაჯღაბნილი ფურცლით ხელში და გეუბნება – “ეს არის ომი”. ეს უცნაური ზიარება აბსტრაქციასთან - შენში ჩამდგარ ტბას აღვიძებს, აფორიაქებს. ნიჭმა – კაუჭმა – ოქროს თევზის ამოსაყვანმა - ტბას წითელი ქორჭილების ჯარი დასტყუა. შენ კი ისევ ცდას განაგრძობდი - მცურავ რკალებს ჩაშტერებული, ვიდრე ნაპირს არ მოადგა სხვა მებადური. წყალს დაუბრუნე ყველა დიდი და პატარა თევზი, ყველა მცდელობა – დაგეტყუა ერთი სიტყვა - სიმართლის მსგავსი – მათი მდუმარე ლაყუჩებიდან. ადამიანს შეეკედლე. და კედლები და სახურავი - ერთი სიცოცხლის სამყოფ ფართობს გადაეფარა. ღმერთო, თუ გვატკბობ, თუ გვამწარებ, თუ გვამწიფებ რაღაცისთვის – სიკვდილის გარდა, იმის მიღმაც შეგვინახე ეს სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი