ჩემს ღვთაებად ..


ჩემს ღვთაებად ავირჩევდი არტემიდას,
მაგრამ სული შემიყუჟეს ქალაქს - მშვიდად;
მთვარე თვალით ჩამოვხსენი ანტენიდან,
აღარც მთვარედ აღარ ვარგა, აღარც მშვილდად.

ნუ გგონივარ ჭკვიანი და საქმიანი,
შეიძლება ეს მითებიც დაგაყვედრო,
ჯინსებიც და პოლიტიკაც - ლაქიანი
სარეცხივით შევატოვო თოკს და ვედროს,

პაემანზეც არ ჩამოგყვე ღრუბლის დაბლა,
თუ ჩამოგყვე, ხეტიალი გთხოვო დაღლილს,
სადილადაც მოგიმზადო შუბლის დაფნა,
დესერტადაც აღარ გავცდე თოვლის ნაყინს,

და თუ გავცდე, ყველა ნამცხვარს - ალუბალი -
გულისგულში ჩავუმალო - ტკბილად მჟავე...
შენ კი მხოლოდ გეღიმება, და უბრალოდ,
მეკითხები: “ასეთი რა დაგიშავე?”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი