რა უნდა მდინარეს


რა უნდა მდინარეს
გამდინარეს, თუ ჩაგუბებულს საკუთარ თავში -
გზა რომ წაართვეს და დროდადრო თავისას ითხოვს.
თვინიერია, როგორც ცხოველი, შეკეტილი გალიაში,
ვის სიზმრებშიც იკბინება ოქროსფერი სავანა ტკბილად
ან მუქი მწვანე გვიმრებით სავსე
გაუვალი ტყე ყმუის თავის ჯადოსნურ ხმაზე.

რა სურს მდინარეს – ასე გასუსულს სარკოფაგში
ბეტონის მილში სუსტი პულსით ბრტყელი ტალღების
გაზაფხულობით რომ დაემჩნევა სიცოცხლის კვალი
და ცას იმედით უყურადებს -
იმის საყვირს – ჭექა-ქუხილს,
რომ გაინძრეს, ამოძრავდეს, კუთვნილ ნაპირზე ამოყოს მკლავი.

შეხედეთ, როგორ დაემსგავსა მიცვალებულს -
შუქგაცლილი, ტალახისფერი,
თითქოს წამოდგა საფლავიდან და ასფალტზე ხელს აფათურებს.
მას კი გონია, გამჭვირვალეა,
მას გონია, ყველა უნდა გაოცდეს მისი მკვდრეთით აღდგომით,
უნდა შეხვდნენ ზარით, ზეიმით
მოსიარულე საოცრებას, წელში გამართულს,
თავისუფლების მომტანს – მძინარე სულებისთვის -

გალიებში გამოკეტილი უზარმაზარი კატებისკენ მიიწევს,
როგორც მათივე სისხლის, ველური და გაუწვრთნელი,
შამანივით, თვალს უშტერებს, მათი ეშვები ტანზე უელავს,
მგლებს ეფერება, როგორც პატრონი საკუთარ მწევრებს,
გამხდარ ფერდებზე ხელს გადაუსვამს,
ამზადებს შორი ნადირობისთვის,

მიიწევს ზემოთ – ჭრელაჭრულა თუთიყუშების გალიისკენ,
რომ თვითონაც ფერით აივსოს,
მაგრამ ასეთი სიკაშკაშე მისი თვალისთვის მტკივნეულია,
ისე როგორც ამდენი შუქი ფანჯარაში,
ამდენი ფარი მის ნაკადებს მინათებული,
პირმცინარე გოგოები სიყვარულით სავსე გულებით,
მის მღვრიე წყლებზე რომ არ ნაღვლობენ.

ქვა და მინა და ქვა და მინა.
დღეს ის ჩვენი წილი წარღვნაა.
ჩაძირული კიდობანი მთელი თავისი სახეობებით.
დღეს ის მხეცია, გალიიდან გაქცეული
და გზას ეძებს მთელ პერიმეტრზე.
მკვლელი მდინარე.
ყველა მწვანე, ლურჯი, ყვითელი
მის თითებში მიწას ერევა.

სურდა მდინარეს, გამჭვირვალე ყოფილიყო,
თავის გზაზე გაქცეულიყო.
მაგრამ დილიდან მისი ვეება,
ტალახისფერი ლეში ზედ გვაწევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი