კალენდარი
ისევ რიცხვები მივაჭედე, ისევ კედელს, ისევ გარედან, თარიღებში კი, თითქოს რაღაც სული წრიალებს - ჭრელიც არის და მგლოვიარეც ეს კალენდარი - ჩვეულებრივი, მოწყენილი თუ პირმცინარე დღეები ასე რიგ-რიგობით ინთებიან და ღამდებიან - თითქოს ერთ ფილმს ვამონტაჟებ უსასრულოდ - ზოგი კადრი მიყვარს, ვაჩერებ, ზოგი მინდა სულაც ამოვჭრა. ისინი ხშირად ბევრად უფრო პირადია, ვიდრე საფოსტო ბარათები და სურათები – კედელს მიკრული. გვანან ძვირფას ინიციალებს, ზოგისგან მუდამ ქარი უბერავს, ზოგს სანთლები და ვარსკვლავები უციმციმებს აქრობენ, ვაქრობ, მაგრამ მაინც სულ უციმციმებს. არა და, კედელს რომ შეხედავ, თითქოს დიდი არაფერია - რიცხვების მწკრივი მექანიკური თვლა, გამოთვლა, გადაგორება. პირადია, თუნდაც თავისი რამდენიმე საზიარო დღესასწაულით - მე ვირჩევ სტუმრებს, ფერებს, საჩუქრებს. თუმცა ვიცი, კალენდარი სხვების ენაზეც რომ ლაპარაკობს - მორზეს ანბანი, მილიარდობით შიფრითა და გასაღებებით. მე მხოლოდ ჩემი წილი მიყვარს სადაც ჟოლოს ბუჩქებივით იცინიან მოგონებები, და მძულს – სადაც ფესვი ჩამიტყდა. სხვებს, უბრალოდ, თავიდან ვცხოვრობ. მაგრამ აი, არის დღეები – სასტიკი და მრავლობითი, როგორც შავ-თეთრი ფოტოსურათი უსამართლო ჰორიზონტით – იუნკერების, შემზარავი ვერტიკალით – ბოლშევიკების. ოცდახუთი თებერვალია და მე არ მაქვს ყვავილის თესლი, რომ რამე დავრგო ამ საერთო საფლავზე და ასე შიშველს არ ვუყურებდე ყოველ წელიწადს. თითქმის უკვე ასი წელია ასეთია საძმო საფლავი - ერთ ფოტოზე ეტევიან ცოცხლებიც, მკვდებიც. ჩვენი მკვდრები, ჩვენი ცოცხლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი