რქა


ნეტავ მას, ვისაც შეუძლია
სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება -
მთელი ძალით, მთელი სურვილით.
მარტის ხეები ახერხებენ ამას -
ზამთრის ლოცვების შემდეგ
სისხლძარღვებივით ურბილდებათ ტოტები და
ტუმბავენ მიწის მინარევებს კვირტებისაკენ.
ხასხასა მწვანე ჭრის ნაცრისფერს,
მაგრამ დროებით. იღლებიან. ნაყოფი სცვივათ.
ხეების სუნთქვა,ამოსუნთქვა – ნახევარი წელიწადია.
ამიტომაც ბერდებიან ასე ნელა, ასე ჰაერში.
პოეტებიც ხეებს გვანან, ოღონდ ზომაზე აჩქარებით,
უფრო სულსწრაფად ეწევიან ჰაერს
და უკან – სილამაზეს, რომელიც ხშირად
წაუკითხავ სიტყვებად სცვივათ.
ყველაზე უკეთ ეს გამოსდით
ხორცისმჭამელებს. რბილ თათებზე,
რბილ ფერდებზე ჰკიდიათ სივრცე.
დაბადებიდან უელვარებთ თვალი და ბეწვი.
მათ სხეულზეა დაგეშილი ქალის თითები
და მამაკაცის სურვილი – იყოს მათზე სწრაფი,
მათზე სასტიკი. ისინი – ხახის დაღებამდე,
გაზმორებამდე – გვანან სამოთხის დეკორაციებს.
რა არის მათში ასე შავი? ასე როგორ ამოიბრუნეს
ზედაპირზე – მთელი სინათლე?
როგორი ფარნით შეიძლება თვალიერება
მათი – მსხვერპლით ამოვსებული შიგნეულობის?
და ხარის ქედი. მზეს რომ იტევს.
ცისქვეშეთში ის ისეთი ნაცრისფერი ჩანს.
ხორკლიანი რქა და ჩლიქები, ამოზრდილი სინათლიდან -
ერთადერთი იარაღი ყოფნის, თავდაცვის.
ნეტავ მას, ვისაც შეუძლია
სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება
და სიღრმეშიც შენახვა მისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი