ალიბი
ბენ, შენ დროს კარგავ. ციფერბლატის ეგ ხარაკირი ზუსტი ისრებით – არყოფნას წვდება. და შეიძლება, ამოვსება სიტყვით არცა ღირს - ამ ნახვრეტების. და ალბათ ვცდები - როდესაც სტრიქონს – დრო რომ ჟონავს - ვთლი, როგორც საცობს. სჯობს ეს ხომალდი თვითონ დავშალო. თითო ნაფოტზე მოვათავსო თითო ნაცნობი და ბოლოს – ბავშვიც – ჭრელი თავშალით - გავგზავნო სადმე, მომავლისაკენ. და კიდევ , კაცი - ქალის თვალებში თმას რომ ისწორებს - მივანდო ისევ ქალის მკლავებს - სასურველ კარცერს. ყველა კაბის და გზის სივიწროვე - გამცილდეს. ვეღარც მამდიდრებს და ვერც მაღარიბებს - დრო, შენ რომ კარგავ, ბენ. მე – გავედი. და ნურც ეს ლექსი გეგონება ყოფნის ალიბი - ზუსტი გრძედით და ზუსტი განედით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი