უცხო ყოფილა ..
უცხო ყოფილა - ჩემი ძმობილი - თრობისთვის – ყველა სუფრის სტუმარი; და მეც – სულელი! - სულ ვაძალებდი - ლექსის ღვინოს და ლექსის პურმარილს. მუტანტები შავი მერცხლები, თეთრი გულის გარეშე – შავი და ვეება მერცხლები - გასულ ზაფხულს მოფრინდნენ ქალაქში. მყისვე – ყველაზე დიდი შენობის თაღებს მიაწყდნენ. ქროდნენ შეუჩერებლად. აშენებდნენ შავ ბუდეებს. ააშენეს სტალინის ძეგლის ზურგსუკან. მიწით გადალესეს შენობის ყველა ბზარი. ტალახის ნამცეცებით ამოავსეს ჰაერი. ძეგლი - მათი სიშავით შეშფოთებულ გამვლელებს – მშვიდი, კმაყოფილი გადმოჰყურებდა. სახელმწიფო მოხელეები ცდილობდნენ სწრაფად გადმოსულიყვნენ მანქანებიდან, სწრაფი ნაბიჯით აევლოთ კიბე და კარსუკან მიმალულიყვნენ. ხოლო მერცხლები – მთელი ზაფხული ტრიალებდნენ საფრთხედ ჰაერში და ზაფხული ისე გავიდა - თავს არ დასხმიან არავის, მხოლოდ – ქუჩებში და ბაღებში - ხშირად ვპოულობდით – მკვდარ ჩიტებს – მკვდარ, ჩვეულებრივ პატარა და თეთრგულა მერცხლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი