საბას
ხელებს თვალები ეხილებათ, როცა შენ ტირი, ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს, ბამბაზია გამოსდით კედლებს, რძიან ბოთლად იკუმშება ყველა ჭურჭელი. და მე ვიბნევი – არ ვიცი, როგორ შეგიძლია ასე მკაფიოდ, უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება, მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა. მოითხოვო და გეძლეოდეს. ეს ნიჭია – ენდობოდე უპირობოდ, გფუთავდნენ, გხსნიდნენ – დღის და ღამის თეთრეულში, ხმებში, ფერებში, დროში, ჰაერში. ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს – ხელის კონტურს, თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე. ალბათ რწმენაც ამის მსგავსია. სიყვარულიც ეს ნიჭია, ოღონდ – პირიქით -ის ხელებია, ის ნათურები, ის მკერდი - შენ რომ არ მოგცემს ნებას – ტირილად გადნე. ხელის კონტური, თვალის ჭრილი, თმის ღერი – დედის, შეყვარებულის და ღმერთის, ღმერთის – საკმარისია, რომ ხედავდე, ან ვერ ხედავდე და ენდობოდე. შენმა რწმენამ სულზე მომისწრო. მთელი ზამთარი ხე ისხამდა პოლიეთილენს, ჭუჭყიან პარკებს ეჭვებივით აფრიალებდა - ქალაქში, სადაც დაბადებას ფრთხილად ირჩევენ. და ამ ბაც ფონზე – ჩემი გული - მომეჩვენა – შესაძლებელზე უფრო წითელი - გარეთ უნდა გამომეტანა. ის კი, რომელსაც შევაჩეჩე, იდგა ფერმკრთალი და არ იცოდა, სად წაეღო ამდენი სისხლი. გაზაფხულმა დაგვინდო ისევ. ხე ამოივსო ფოთლებით და ფრინველებით - ეს სიწითლე ყვავილებში, ნისკარტის ხმაში, მსუბუქ კაბებში გაიშალა, გავარდისფერდა, ზაფხულისკენ – ყველა ფერში გადაიზარდა, ახმაურდა შენს შესახვედრად. და ახლა, როცა ეხილებათ ხელებს თვალები და შენს ტირილზე ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს, ღამ-ღამობით – მე მრცხვენია ჩემი ეჭვების, - მე ვხედავ, როგორ შეიძლება ასე მკაფიოდ, უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება, მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა, ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს – ხელის კონტურს, თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი