მინდიას


სვანეთის მთები – ზარებია.
ქვას დანებდა რკინა და დასკდა -
მირონისგან გაიჩინა ნაპრალებში ნაკადულები,
ზედ ტყეები აბიბინდნენ – ზარების ხავსი.

ვიღაცისთვის – ტურისტული აზარტია – ზედ აცოცება -
თოკით და კიბით, ან – ბორბლებით – უფრო მარტივად -
სითეთრემდე ვერ ატანა მუხლის რკალების.

მათ სჭირდებათ – მასპინძელი ეგულებოდეთ.
მასპინძელი, ვისი სოფლის მდებარეობაც – ზარის კიდეა -
ქედი – სინათლით წათლილი თუ გადახეხილი
დარიშხანის მომაკვდინებელ საბადოებს,
ალპურ ყვავილებს, დაცლილ სახლებში მოფარფატე
პეპლებს და ნათელს ვინც ინახავს მკლავის სარტყელზე.

ჩვენც ხომ მათ ვგავდით -
თაფლობისთვის თავბრუსხვევას ამოვყევით იმ სიმაღლეზე.
მთები, ტყეები – უფსკრულებზე დავაქორწინეთ -
თვალებს ავხადეთ ფსკერიც და ჭერიც,
შენს სოფლამდე რაც ჩრდილი იყო – სინათლისკენ ამოვიტანეთ.

სოფლის კარიბჭე სულ ამაოდ ავაჭრიალეთ.
მასპინძელო, არსად იყავი.
ლულებივით – ღრუბელს ხვრეტდნენ საკვამურები.
ჭირისუფლად ქცეულიყო ყველა მათგანი.
უფსკრულის კიდეც უკეთესი იქნებოდა – ღამისთევისთვის.

თითქოს – გვიან გამოგვეგებე. დაგვეწიე.
აილამას მთით, მთვარის გავლით -
ცანადან შიგ – უშგულამდე გზას გვინათებდი.

ჯიხვებს თვლიდაო – ჭიუხებზე.
ბარში სიკვდილს სიმამაცეც არ ეყოფოდა.

სვანეთის მთები – ზარებია -
ზესკნელიდან ჩამოკიდული -
თოკი ჩაწყდა. ჩამოპირქვავდნენ.
გაუნძრევლად გუგუნებენ.
შენ ხარ პატრონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი