ასეთი საშობაო სიმღერა
როგორც მოშლილი ზანზალაკი - ზედ შობის პირას - ყურთან რომ მიაქვთ და თავს აქნევენ - ვარ უსიტყვებოდ. არაფერი არ მაქვს სათქმელი. პანორამებად გაფენილი შარმი პარიზის - სულ რომ შორსაა და სულ აქვეა - აღარ მეწევა. არაფერი არ მაქვს სათქმელი. თოვაც, რომელსაც ველოდები, ისე უხმოა, დღესასწაულის მეტისმეტად გრძელი საბანი - ჭრელი ფიფქებით წვივებზე რომ შემოვიხვიე - მგონი იმისთვის ტომარაა - სულ არ უხდება. როგორც ლარნაკმა – საკუთარი თავის სარქველი - არ ვიცი – ძველი კალენდარი როგორ მოვირგო. ახლა ქსოვა და ლექსის წერა – ზუსტი საქმეა, მაგრამ მე ისევ - არაფერი არ მაქვს სათქმელი. ვერც მშივრები ვერ დავაპურე და ვერც ობლები ვიშვილე – გრძელი ნაკადებით ჩემი ლექსების და გოლფსტრიმიდან ყველა წყალი უკან მობრუნდა, მტკვრის კალაპოტიც - ლამისაა ვეღარ ამივსოს. ენის გაჭრაა – საკუთარი ტუჩის კიდეზე - ახლა სიტყვები – ჭის დანამვა, ქარის დაგვაა, თითქოს ნაძვებზე მოოქროვილ ყულფებს კიდებდე. გაცერი – ბგერაგაუმტარი შუქის გარსი და ძველი ეჭვებიც გადაღვარე – სიტყვების მსგავსად, ვიდრე კრიალა ვარსკვლავი არ დაიბადება. წაიღე ჩემი ყველა ბგერა, ყველა საგანი ახალ სინათლედ გადაადნე – ახალი ათვლის წერტილად, ახალ გალაქტიკად, რომლის მაგვარიც - ამ სამყაროში ჯერ არ ანთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი