ვილანელა შენთვის


ასეც ხომ ვამბობდი – ამ ორომტრიალს რომ გადარჩე -
ამ მტვრიან წარსულებს, საშიშად მოლიპულ მომავლებს,
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ცხრაპირი ქარია – სიგრძივი, განივი. დანარჩენს
მიხვდები, როდესაც თვალსაც და გრძნობასაც მოავლებ
სამყაროს, რომელშიც ძნელია დარჩე და გადარჩე.

ვამბობდი – უარი – სულყველა ჯილდოს და განაჩენს,
რომელსაც ლითონით ჭრიან და წუთებით ზომავენ.
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ზოგჯერ მეჩვენება – თვითონვე მპოულობ, ამარჩევ,
რომ ფეხსაცმელებზე ბაფთებად შეგიკრა ზონარი -
სიცოცხლის, ასე რომ გეწევა – დარჩე და გადარჩე.

შენც მოგზაური ხარ და შენთან ხეტიალს დამაჩვევ.
ალბათ ამ სიტყვებსაც ხშირად დამაყვედრი ონავრად:
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

რას აღარ ვამბობდი – გულზეც გიამბობდი, მორევზეც -
მომავლის, რომელიც დაიწყო, რომელშიც ორნი ვართ,
სამნი ვართ, და უნდა ყველა ორომტრიალს გადავრჩეთ.
დაგტოვებ ზღაპარში, რომელშიც უბრალოდ, გაგაჩენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი