საკეისრო კვეთა
ეს ცის გახსნას გავს. სკალპელი – ელვა. და ღმერთის თვალი – მაგიდისკენ – ფარნად ინთება - თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს და შენს სახეს, გადაფითრებულს - ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს ქმარი – შენს თავთან - გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს. ცის გახსნას გავს - უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში - ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე - მიღმა შავი ხვრელის – ბნელი დერეფნის - სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში. ცის გახსნას გავს - უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას – ტაშზე მქუხარეს, ან აწყობდე რევოლუციებს – მათთვის, ვინც უკვე მოსულია, ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში. ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში - საიმედო ანესთეზია - მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული - თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული. ცის გახსნას გავს - ეს გაბედვა – ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს - ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი, ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე, რომ უცინოდე. აი, ასე, შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი ერთადერთი ქალიშვილივით – კეისრის - პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა. შენ კი ფეთქავ და სარკმელში – ღამის ქალაქი - ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული. ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი: კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ – პულსი – ას ოცი. შენი სისხლის – პირველი რეზუს დადებითის საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის, როგორც ბევრად უფრო ნათელის. ცის გახსნას გავს - ტირილის ხმა – დასაწყისის მაუწყებელი. ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან - ეს ცა აღარ დაიხურება. არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა. თოთო სინათლე შენს თვალებთან ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ. ის იზრდება – ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი