მიდიები
შავი ფრჩხილები – ქალღმერთების, მათ შორის – ხორცი - უფორმო, როგორც ენის ნამცეცი. თუმცა არა გვაქვს ბრალი ჩვენ მათ ამოხოცვაში და თუმცა ნაზად ვაცლით საცეცებს - კრიჭაში გაჩრილს, მეჩვენება – იწყევლებიან, თუ – მოთუხთუხე ქვაბის პირიდან - როგორც ტუჩები – გახსნილები – ლოცვას იწყებენ, რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა. არის აშკარა – არ არიან პირანიები სისხლს ვერ მოსვამენ თითებიდან, ვერც ტკივილებში გაზავდებიან. უფრო მეტიც – მშვიდად ითმენენ, ვიდრე ჩვენ – მათგან - საქორწინო კერძებს ვამზადებთ. თითოეული ნიჟარიდან, როგორც ხორხიდან - ენის ნამცეცის ამოძრობას სულ უფრო სწრაფად ვახერხებთ და ეს სამზადისი თითებს გვიშავებს - ღამდება. მალე ახალ დღესაც დავეწაფებით. ეს უცნაური და ძვირფასი კულინარია - გულის წასვლამდე გემრიელი - ჩვენ რომ ვარგუნეთ ერთმანეთს - პირის ნიჟარებით - სუნთქვის გარნირით - ენა – მოლუსკი – სულ მთლიანად ამოგანგლული - სინათლის ფქვილში - მზის ტაფაზეც განიერია. მიდიები კი ლოცულობენ, იწყევლებიან, რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი