დაბრუნებამდე
„შენს მუჭში ხელი დამეღალა“ – უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც – „სამშობლოში ვერ ვიკეტები“. ფილიპინელი გოგო რომ ვიყო, ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოს ვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში. ირანელი გოგო რომ ვიყო, შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარს და თვალებზე შემოვიხვევდი. როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი, ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდა ჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი; გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც – გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, - ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს; გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება; გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი